"Georgian Airways" რეგულარული ფრენების შესრულებას ახალი მიმართულებებით იწყებს

ხუთშაბათი, 04 მაისი, 2017 - 16:30

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways"​  რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას თბილისიდან - სოჭის და ბათუმიდან - თელ-ავივის მიმართულებით იწყებს.  ავიაკომპანია ასევე განაახლებს რეგულარულ ოპერირებას თბილისსა და თეირანს შორის და ადგილობრივ რეისებს თბილისსა და ბათუმს შორის.

ავიაკომპანიის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგების მიხედვით, ფრენები შემდეგი სიხშირით განხორციელდება: თბილისი-სოჭი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება 2 ივნისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება; თბილისი-თეირანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისები 9 მაისიდან - 5 ივნისამდე კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი), 5 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი 4 სიხშირით (სამშაბათი დღეში 2-ჯერ, პარასკევი, შაბათი) განხორციელდება;​ ბათუმი-თელ ავივი-ბათუმის რეგულარული ფრენები - 4  მაისიდან 15 ოქტომბრამდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

 რას შეეხება ადგილობრივ რეგულარულ რეისებს, "Georgian Airways"-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ფრენების სიხშირე ზაფხულის სეზონის ბოლომდე ეტაპობრივად გაიზრდება. ბათუმის მიმართულებით ავიაკომპანიამ ორი რეისი უკვე განახორციელა. რეგულარული რეისები Boeing B737 და CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისი-სოჭი- თბილისი წარმოადგენს ახალ მიმართულებას "Georgian Airways"-ისთვის, ხოლო  ბათუმსა და თელ-ავივს შორის ავიაკომპანია აქამდე მხოლოდ ჩარტერულ ფრენებს ახორციელებდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვები 3 მაისს მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6