საქართველოს რესპუბლიკური პარტია პარლამენტსა და პრეზიდენტს მიმართავს

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 14:35

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აფასებს რა ქვეყანაში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, ასევე, ითვალისწინებს იმ მძიმე და ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ შედეგებს, რომელიც რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას მოაქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათი ოჯახებისა და ზოგადად, საზოგადოებისთვის, გამოდის ინიციატივით და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გადადგან ჰუმანური ნაბიჯი.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს საქართველოს ამნისტიის კანონი, რომლის თანახმადაც, დანიშნული სასჯელისაგან სრულად განთავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 267-ე, 268-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე და 274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ან საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს ამავე მუხლებით მსჯავრდებული ყველა პირი.

"აღნიშნული ინიციატივა ემსახურება იმ დრაკონული კანონმდებლობის შედეგად არათანაზომიერად მკაცრი სასჯელების მსხვერპლების, ჩვენი მოქალაქეების რეაბილიტაციას და ასევე მოწოდებას, რომ ერთად დავიწყოთ ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაფუძნებული იქნება პირველ რიგში პრევენციაზე, ზიანის შემცირებაზე, ადეკვატურ და ადამიანურ სანქციებზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობა-რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე. ასევე მნიშვნელოვანია გაუქმდეს საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის მხრივ, არამედ მიმართულია ალოგიკური დაბრკოლებების შექმნისკენ.

ამ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს ერთმევა უფლება მართოს ავტომობილი, დასაქმდეს საბიუჯეტო/სახაზინო დაწესებულებებში და სხვა მრავალი შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ ართმევს ადამიანს შანსს, მომავალში იყოს დასაქმებული, წარმატებული.

ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კვლავ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, რომლის შედეგადაც მიკროსკოპული ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო მინიმუმ 5 წლით ვუშვებთ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ათასობით ადამიანს ვტოვებთ მარჩენალის, მეუღლის, მამის, დედის, შვილის გარეშე, ათასობით ბავშვს ვართმევთ მშობელთან ურთიერთობის საშუალებას, ათასობით ოჯახს ვაყენებთ მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე და ვტოვებთ მარტო ამ პრობლემებთან.

ჩვენი ინიციატივა მიმართულია ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისკენ, მისი ადექვატურობისკენ. წლებია, ამგვარ პოლიტიკას ჩვენთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია, პირიქით, წლიდან წლამდე იზრდება პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა, ზედოზირებებების, ინფექციური დაავადებების გავრცელების ტემპი. უფრო მეტი ადამიანი წყდება საზოგადოებას და პრაქტიკულად ერთმევა წარმატებული ცხოვრების შანსი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიესალმება და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის შემუშავებულ კანონპროექტს და მიაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივა, პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობს ახალი, ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას საქართველოში. ნარკოპოლიტიკის, რომელიც არ იქნება მიმართული ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ დასჯისკენ, არამედ რეალურად იზრუნებს მათზე, იზრუნებს ჩვენს მომავალ თაობაზე, არ იქნება ადამიანების დაშინებისკენ მიმართული", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58