9 მაისს ჩვენ დავდგებით ახალი რუსული საფრთხის წინაშე - რეფორმატორები პრემიერს და სუს-ის უფროსს აფრთხილებენ

სამშაბათი, 02 მაისი, 2017 - 12:27

პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება პროპუტინური ორგანიზაციის ,,ღამის მგლების'' საქართველოში შემოსვლის მცდელობას და ხელისუფლებას, მთავრობის მეთაურს და სუს-ის უფროსს მოუწოდებს გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ.

,,მიმაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობარი ბაიკერების - ე.წ. ,,ღამის მგლების’’ საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვება მომეტებული საფრთხის მატარებელია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის და ამ ბანდიტური ჯგუფის საქართველოში შემოსვლის უფლება მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით უნდა შეზღუდოს საქართველოს ხელისუფლებამ. ,,ღამის მგლები’’ წარმოადგენს პროპუტინურ ბანდიტურ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსდება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ფონდისგან, იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ და მათი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე პროვოკაციების მოწყობაა.

,,ღამის მგლები’’ წარმოადგენს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ე.წ. ,,ჰიბრიდული ომის’’ ერთ-ერთ მექანიზმს, თავად ჰიბრიდული ომი მიმართულია ცივილიზებული და დასავლეთთან პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, რომლის ადრესატსაც სამწუხაროდ საქართველო წარმოადგენს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მსურს განმარტებაც გავაკეთო ამ ტიპის უკანონო ღონისძიებების მიმართ და განვმარტო, რომ ჰიბრიდული ომი ეს არის არასამხედრო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანიც სამიზნე ქვეყნის ტერიტორიებზე პროვოკაციების ორგანიზება და სამხედრო ძალის გამოყენებისთვის ნიადაგის მომზადებაა. აშშ-მა და კანადამ, სხვდასხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, პოტენციური საფრთხეების და საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის ე.წ. შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით და ამ გზით მათ აეკრძალათ ამ ქვეყნებში შესვლა.

მაშინ, როცა სულ ახლახან, 9 აპრილს პუტინმა და მისმა ხელისუფლებამ მორიგი უპატივცემულობა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და ცხინვალის რეგიონში მოაწყო ე.წ. რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ, როცა გასულ თვეში პირადად ლავრომა გახსნა აფხაზეთში არსებული რუსეთის საელჩოს ახალი კორპუსი - განსაკუთრებით ამ მოცემულობაში დაუშვებლად და სამარცხვინო ქმედებად მიმაჩნია რუსული სპეც სამსახურების მიერ მართული, პუტინის მეგობარი ბაიკერების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში და მათთვის ,,გადარბენის’’ უფლების მიცემა.

მე მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის მეთაურს, ბატონ კვირიკაშვილს და სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს, რათა არ დაუშვან მორიგი რუსული საფრთხის მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატვა და უარი ეთქვას ამ საფრთხის მატარებელ ორგანიზაციას საქართველოში შემოსვლაზე. აქვე მოვუწოდებ შს მინისტრს, შსს-ში შექმნილ კომისიაში იმსჯელონ ე.წ. შავი სიის ფორმირებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ემოციური განხილვები და ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც უპატივცემულობას გამოხატავს ქართული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ, შეყვანილ იქნან ამ ნუსხაში.

ხელისუფლების მხრიდან დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის გამოხატვის შემთხვევაში მაღალი ალბათობით 9 მაისს ჩვენ დავდგებით ახალი რუსული საფრთხის წინაშე და პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს'' - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.97
  • 3.36
  • 0.04
  • 0.71
  • 1.45