გიორგი კვირიკაშვილი ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

სამშაბათი, 18 აპრილი, 2017 - 15:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 აპრილს ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - დაგეგმილი ვიზიტი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემები.

საუბრისას აღინიშნა, რომ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გარდა, საქართველოსა და ირანს თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატები აკავშირებთ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას, რასაც, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა თბილისში მიმდინარე საქართველო-ირანის ბიზნესფორუმის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს და ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებზეც.

მხარეებმა, საუბრისას, დადებითად შეაფასეს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43