საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა

ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2017 - 17:33

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს 285.3 მილიონი აშშ დოლარის პროგრამა დაუმტკიცა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში (Extended Fund Facility, EFF).

• პროგრამის დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ესდეერი (დაახლოებით $40.7 მილიონი აშშ დოლარი).

• პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის ამბიციურ სტრუქტურულ რეფორმებს სწრაფი და მეტად ინკლუზიური ზრდის მიღწევაში: განათლების, საგზაო ინფრასტრუქტურის, საჯარო მმართველობის გაუმჯობესებით.

• ფისკალური კონსოლიდაცია საშუალოვადიან პერიოდში ემსახურება სახელმწიფო ვალის შენარჩუნებას არსებულ დონეზე და ხარჯების მიმართვას ინფრასტრუქტურულ გამოწვევებზე.

ამა წლის 12 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ქვეყნის ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმის მხარდასაჭერად საქართველოს 210.4 მილიონი ეს.დე.ერ-ი (SDR) (დაახლოებით 285.3 მილიონი აშშ დოლარი; ქვეყნის ქვოტის 100 პროცენტი) დაუმტკიცა "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში.

აღნიშნული პროგრამა საქართველოს ხელს შეუწყობს შეამციროს ეკონომიკური გამოწვევები და განახორციელოს კოორდინირებული პოლიტიკა ეკონომიკის ზრდის მიზნით. ეკონომიკის სწრაფი და უფრო ინკლუზიური ზრდისთვის პროგრამა ითვალისწინებს ამბიციურ სტრუქტურულ რეფორმებს განათლების, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, საჯარო მმართველობის ეფექტურობის ამაღლების და ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რათა კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი გახდეს. სსფ-ს დირექტორთა საბჭოს მიერ პროგრამის დამტკიცებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება პროგრამის პირველი ტრანში 30 მილიონი SDR-ის (დაახლოებით 40.7 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით.

პროგრამა ითვალისწინებს კიდევ ექვს ტრანშს. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომი გახდება ქვეყნისთვის პროგრამის მსვლელობის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ ჩატარებული მიმოხილვის დასკვნის საფუძველზე. სსფ-ს დირექტორთა საბჭოს მიერ საქართველოს პროგრამის განხილვის დასრულებისთანავე,  სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ტაო ჟანგმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც სსფ მხარს უჭერს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით".

"საქართველოს გამოწვევები შემდეგია: წარმოების სიმცირე, დეფიციტური საგარეო და ფისკალური პოზიცია, ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი და მაღალი უმუშევრობა. ეს გამოწვევები განსაკუთრებით საგრძნობი გახდა 2014 წლის საგარეო შოკის ფონზე, როდესაც სავაჭრო პარტნიორების ზრდა შემცირდა ნავთობის დაბალი ფასის გამო. პროგრამა პასუხობს ზემოაღნიშნულ გამოწვევებს ფისკალური დეფიციტის შემცირებით, ხარჯების ინვესტიციებზე მიმართვით, სტრუქტურული რეფორმების დაჩქარებით, მონეტარული პოლიტიკის და ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერებით, უსაფრთხოების სისტემების და ბანკების საკითხთა განხილვის (banking resolution) ჩარჩოს დახვეწით.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ინფლაციის ტარგეტირების მექანიზმის გაძლიერებას. მაშინ, როცა ფინანსური სექტორი მდგრადი აღმოჩნდა ვალუტის გაუფასურების მიმართ, ცენტრალური ბანკი ქმნის მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს ვალუტის შეუსაბამობის, კონცენტრაციის რისკის და სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების საკითხებზე რეაგირებისთვის. ხელისუფლებამ გამოაცხადა დედოლარიზაციის ღონისძიებები. დეპოზიტების დაზღვევა გააძლიერებს ფინანსური უსაფრთხოების სისტემას. ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებაზე შემოსავლების ზრდისა და ხარჯების დაზოგვის გზით. თუმცა, საინვესტიციო ხარჯები გაიზრდება, რაც, თავისმხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. გადაიდგმება ნაბიჯები ჯანდაცვის ხარჯების ეფექტურობის ასამაღლებლად, ისე, რომ არ შემცირდეს ჯანდაცვის სისტემის მოცვა, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ფენის მიმართ. გაძლიერდება ფისკალური რისკების აღიარება და კონტროლი. ეკონომიკური პროგრამის წარმატებისთვის კრიტიკულად მნშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ ინკლუზიურ ზრდას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას. ყურადღება მიმართულია კაპიტალის ბაზრის რეფორმაზე, კერძო და საჯარო პარტნიორობის (PPP) რეფორმაზე, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაზე, კერძო სექტორში აღრიცხვისა და კონკურენციის საკითხებზე და განათლების რეფორმაზე. პროგრამის განხორციელების თანმხლებ მაღალ რისკს ანელებს ხელისუფლების გადაწყვეტილების სიმტკიცე და პროგრამის მიმართ არსებული პოლიტიკური მხარდაჭერა." - აღნიშნა ჟანგმა.

ეკონომიკის ბოლოდროინდელი ვითარება და პერსპექტივა რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა მოკრძალებული ტემპით, 2.7 პროცენტით გაიზარდა. ეს განაპირობა სავაჭრო პარტნიორთა ზრდის შენელებამ 2014 წლიდან დაწყებული. ინფლაციაც დაბალი იყო. ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთის კლების მიუხედავად, ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სამიზნე მაჩვენებელს: 5 პროცენტს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ოდნავ გაიზარდა მშპ-ს 12.4 პროცენტამდე, გაუარესებული სავაჭრო სალდოს გამო, თუმცა კვლავაც მეტწილად ფინანსდებოდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. საგარეო ვალმა, რომელიც ძირითადად შეღავათიანი პირობებითაანასესხები, თითქმის მშპ-ს 110 პროცენტს მიაღწია, ნაწილობრივ, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო. 2016 წლის ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 4.1 პროცენტს გაუთანაბრდა და აღემატა პროგნოზირებულ 3.0 პროცენტს. მიმდინარე ხარჯებსა და ბიუჯეტის მიერ გაცემული სესხების გადაჭარბება, მხოლოდ ნაწილობრივ დაბალანსდა აქციზიდან და მოგების გადასახადიდან მიღებული, მოსალოდნელზე მეტი, შემოსავლით. 2016 წლის განმავლობაში გაცვლითი კურსი მერყეობით ხასიათდებოდა, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს უბიძგებდა ჩარეულიყო სავალუტო ბაზარზე ვალუტის როგორც ყიდვის, ისე გაყიდვის მიმართულებით, ზედმეტი რყევების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს საბანკო სექტორი, მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლისა, მდგრადია. ხოლო, ვადაგადაცილებული ვალების მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით გაიზარდა. საბანკო სექტორის ანგარიშის მიხედვით 2016 წელს ბანკების კაპიტალი, ლიკვიდურობა და მომგებიანობა ადეკვატური იყო. ბანკების საკრედიტო პორტფელი 12 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე). 2017 წელს მოსალოდნელია მშპ-ს 3.5 პროცენტით ზრდა. ინფლაცია ეროვნული ბანკის 4 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს: წინა პერიოდში ვალუტის გაუფასურების, მაღალი სასაქონლო ფასების და აქციზის ზრდის გამო.

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე, რთულად პროგნოზირებად, მოვლენებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46