დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი იწყება

ორშაბათი, 10 აპრილი, 2017 - 18:25

11-14 აპრილს თბილისი სახელგანთქმული ქართველი მოკრივის დავით კვაჭაძის სახელობის პირველ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრება შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში გაიმართება.

ქართველი მოკრივეების მხარდამხარ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები გერმანიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

ამასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს დავით წიკლაურს, ფედერაციის წარმომადგენლებს და მოკრივეებს უმასპინძლა.

„პირველ რიგში მსურს ჩვენს სახელოვან მოკრივეს და შესანიშნავ პიროვნებას ბატონ დავით კვაჭაძეს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. რაც შეეხება ამ ტურნირს, მისასალმებელია, რომ კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები ძალისხმევას არ იშურებენ და შედეგიც სახეზეა - საერთაშორისო ასპარეზობებს სულ უფრო ხშირად ვმასპინძლობთ და რაც მთავარია, ჩვენი სპორტსმენები წარმატებით გამოდიან მნიშვნელოვან შეჯიბრებებში. აქვე მსურს განვაცხადო, რომ კრივის ეროვნული ფედერაცია სამაგალითოა სპონსორთა მოზიდვით, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ სპორტის სხვა სახეობათა წარმომადგენლებმა. მსურს წარმატება ვუსურვო ქართველ მოკრივეებს, ფედერაციის წარმომადგენლებს კი წინსვლა და უფრო დიდ გამოწვევებთან გამკლავება", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„დავით კვაჭაძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. გვსურს ორ-სამ წელიწადში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ და ამიტომ გვჭირდება დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები: გამოცდილებას მივიღებთ, ამასთანავე, საერთაშორისო ფედერაციის მესვეურებიც დარწმუნდებიან, რომ მაღალი დონის შეჯიბრების მიღების საშუალება გვაქვს. სადღეისოდ კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი B კატეგორიისა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მისი რეიტინგი გაიზრდება. აქვე დავამატებ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველანაირად მხარში გვიდგას, ამისთვის კი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის", - განაცხადა კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა.

დავით კვაჭაძე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოკრივე გახლავთ. მან 1976, 1977 და 1979 წლებში 81კგ წონით კატეგორიაში სამჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული, 1977 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და იმავე წელს საქართველოს წლის სპორტსმენად დასახელდა. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე დავით კვაჭაძე 1/4-ფინალში ქულებით დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, იუგოსლავიელ სლობოდან კაჩართან.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43