ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 18:31

ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და ვფიქრობ, რომ ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ჩვენს ქვეყანაში, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს პრეზიდენტის მოხსენებაში აღნიშნული საკითხების - მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემის, ეკონომიკისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.

„რაც შეეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს - როცა ვსაუბრობთ ვითარებაზე, აუცილებლად სრულად და სრულფასოვნად უნდა წარმოვაჩინოთ სურათი. შეგახსენებთ, რა ხდებოდა საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდე და რა ხდება დღეს. მაგალითად, ბიზნესის რეკეტი იყო ყოველდღიურობა 2012 წლამდე და ბიზნესის რეკეტს არაერთი ადამიანის ინტერესები და სიცოცხლეც კი ეწირებოდა. ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა არის მთლიანად აღკვეთილი საქართველოში. არცერთი პრეცედენტი ბიზნესმენის დაყაჩაღების ხელისუფლების მხრიდან არ დაფიქსირებულა 2012 წლიდან. ორნახევარჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება. თორმეტჯერ არის შემცირებული პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს არ არის მხოლოდ დაკავშირებული პირობების გაუმჯობესებასთან. ეს რადიკალური სხვაობა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ როგორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული ციხეებში, როგორ აწამებდნენ ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანებს და რა პირობებში უწევდათ მათ ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2012 წლის შემდეგ ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

თქვენ გახსოვთ, რას უპირისპირებდა შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება - ეს იყო სისასტიკე. არცერთი პრეცედენტი არათუ სისასტიკის დაპირისპირების, რაიმე ტიპის ძალადობრივი დარბევის პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია არცერთი შეკრების, 2012 წლის შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წლამდე მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2004 წლიდან ხელისუფლებამ მედიის მიზანმიმართული მონოპოლიზება დაიწყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი და საქართველოში არ არსებობს არცერთი ტელეარხი, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო პროპაგანდას ეწევა.

„2004 წლისთვის საქართველოში იყო ჩამოყალიბებული პლურალისტური მედიაგარემო. 2004 წლის შემდეგ ხელისუფლებამ, მიზანდასახულად, მთელი მედიასივრცის მონოპოლიზაცია დაიწყო. დაიწყეს საზოგადოებრივი მაუწყებლით, სადაც ჩამოაყალიბეს ე.წ. ბორდი, რომელიც მთლიანად პარტიული აქტივით იყო დაკომპლექტებული და ტოტალური კონტროლი დაამყარეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. შემდეგ უკვე მიადგნენ კერძო ტელევიზიებს. დაიწყო პირველ რიგში „რუსთავი 2“-ით. შემდეგ გაგრძელდა პროცესები, გახსოვთ, „იბერიაში“ რა მოხდა, „მზეში“ რა მოხდა, „მეცხრე არხი“ როგორ იხურებოდა, „იმედის“ პროცესები ყველას კარგად გვახსოვს. 2012 წლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან, ბორდი აღარ არის ერთპარტიული და იქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა მოსაზრებები და ხელისუფლების გავლენა და კონტროლი აღარ ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი. ეს პროცესი დაიწყო, პირველ რიგში, ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. ბოლო პროცესები უკავშირდებოდა „რუსთავი 2“-ს. სასამართლო სისტემის და ჩვენი ხელისუფლების სისტემის ფარგლებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესიც შესაბამისად დასრულდება, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლო დაადასტურებს იმას,რაც ყველამ ერთად ვიცით - პოზიციამ და ოპოზიციამ, რა მოხდა „რუსთავი 2“-ში 2004 წლიდან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს არამარტო მედიაპლურალიზმი, არამედ დაუბალანსებელი მედიაგარემო ოპოზიციის სასარგებლოდ და უფრო მეტიც - არცერთი ტელეარხი არ არსებობს საქართველოში, რომელიც შეიძლება ეწეოდეს პროპაგანდას ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს არის ის მიღწევა,რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული საქართველოში და ამ პირობებში საუბარი სახიფათო პროცესებზე მედიასივრცეში არის უბრალოდ არასწორი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა 2012 წლამდე ქვეყანაში არსებულ მოსმენების პრაქტიკაზეც.

„მე მქონდა არაერთხელ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აწარმოებენ კამპანიას სახელწოდებით „ისევ გვისმენენ“. პარალელის გავლება 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ არსებულ ვითარებას შორის არის უბრალოდ არასწორი. მარტივად გეტყვით ერთ რამეს - როდესაც ტოტალური მოსმენები ხორციელდებოდა 2012 წლამდე ამის შედეგები პირდაპირ წინ ხვდებოდათ კონკრეტულ ადამიანებს და შედეგი იყო ბიზნესის წართმევა, შედეგი იყო ციხეში გაშვება, დევნა პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. ეს ხდებოდა 2012 წლამდე და ეს იყო ტოტალური მოსმენების შედეგი. 2012 წლის შემდეგ მთლიანად არის ეს პრაქტიკა აღკვეთილი და ამის აღნიშვნა არის აუცილებელი, თუ ჩვენ გვინდა, რომ სრულად წარმოვაჩინოთ ის სურათი, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი ვითარება სასამართლოშიც.

„ადმინისტრაციული საქმეებში 55 %-ით არის შემცირებული ისეთ საქმეთა რაოდენობა, სადაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული ხელისუფლების სასარგებლოდ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რადიკალურად და ფუნდამენტურად არის შეცვლილი ვითარება სასამართლო სისტემაში. მეორე სტატისტიკური მაჩვენებელი - წინასწარი პატიმრობა - გახსოვთ, როგორ კმაყოფილდებოდა და რა სტატისტიკით ასეთი წარდგინებები. 49 %-დან 29 %-მდე არის ჩამოსული ეს მაჩვენებელი. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებისთვის სასამართლო სისტემა მოქმედებს სამართლიანად. არის მხოლოდ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი საქმე, რომელთან დაკავშირებით საუბრობენ დამოუკიდებლობის არარსებობაზე მხოლოდ ჩვენი ოპონენტები და ყველა საქმის მიმართ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი. ეს არის, მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც განიხილებოდა სასამართლო სისტემის მიერ, ეს იყო ე.წ. „კაბელების“ საქმე და ე.წ. „პოლიტპატიმრების საქმე“. რაც შეეხება დანარჩენ სივრცეს, რომელიც გვაქვს სასამართლო სისტემაში, მთელი სასამართლო სისტემა არის მთლიანად დამოუკიდებელი და არანაირი კითხვის ნიშნები ადმინისტრაციული სამართლის სფეროში, სისხლის სამართლის სფეროში, სამოქალაქო სამართლის სფეროში უბრალოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, პრობლემები ნებისმიერ სასამართლო სისტემას აქვს, ამაზეც უნდა ვისაუბროთ ჩვენ, თუმცა, რაც შეეხება ვითარებას, სასამართლოს კრიზისზე საუბარი არის უბრალოდ არასწორი და არის ძალიან მძიმე დარტყმა იმ სასამართლო სისტემაზე, რომელიც ფუნდამენტურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ და ეს არის სურათის არასწორად წარმოჩენა. ყველა მიმართულებით, რაც არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება, უამრავი რამ კეთდება იმისთვის, რომ რწმენის თავისუფლება იყოს დაცული სათანადოდ, უმცირესობის უფლებები იყოს დაცული, ტოლენარტული სულისკვეთება იყოს განმტკიცებული ჩვენ საზოგადოებაში და ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან მძიმე ბრალდებები გაისმა ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაში, მთავრობა ზრდის ოპტიმალური მაჩვენებლების მიღწევას ახერხებს.

„2012 წლის შემდეგ საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ანუ ეს არის რეალური სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა დავანახოთ მოქალაქეებს. პირველად მივაღწიეთ ჩვენ იმას, რომ 10 ათას დოლარს გადასცდა ერთ სულ მოსახლეზე მშპ. დასაქმებაზე იყო საუბარი, თითქოს არაპროპორციულად აისახება მშპ-ს ზრდა დასაქმების მაჩვენებელზე. ამ დროს შემიძლია გითხრათ,რომ 2013, 2014, 2015 წლების განმავლობაში 90 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა მარტო დაქირავებით დამატებით, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულებზეა საუბარი, როდესაც იგივე მაჩვენებელი 9 წლის განმავლობაში იყო 45 ათასი. ანუ ამ 3 წლის განმავლობაში დასაქმდა იმაზე ორჯერ მეტი დაქირავებით, ვიდრე გასული 9 წლის განმავლობაში. ეს არის რეალური სტატისტიკა, რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფრასტრუქტურაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეალობაში ამ შემთხვევაშიც განსხვავებული სურათია. ენერგეტიკის სფეროზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და განაცხადა, რომ „2007-2012 წლებში მთელი დადგმული სიმძლავრეების რაოდენობამ შეადგინა 8 მეგავატი. 2013-2016 წლებს რაც შეეხება, შეადგინა 415 მეგავატი. ეს დადგმული მეგავატები არ არის მხოლოდ ენერგეტიკა, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა“.

პარლამენტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა პრეზიდენტის მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროს პროექტებმა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ - შეუქცევადია.

„ჩვენ გვაქვს შეუქცევადი სვლა და დაჩქარებული სვლა ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისკენ და ეს არის სწორედ ამ ხელისუფლების მიღწევა და ეს არის განსაკუთრებით, პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის მიღწევა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისკენ. და მეორე უმნიშვნელოვანესი მიღწევა ეს არის რადიკალურად შემცირებული საგარეო პოლიტიკური საფრთხეები, რაც არის ასევე ამ ხელისუფლების მიღწევა და იმ პრაგმატული პოლიტიკის მიღწევა, რომელსაც ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, სადამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა არაპრაგმატულმა პოლიტიკამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ და ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან დიდი წარმატებით არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსში და ეს წითელი ხაზები გადის რა თქმა უნდა, დეოკუპაციაზე და ამ მიმართულებით, სახელმწიფო იქნება ძალიან პრინციპული და ამ წითელ ხაზს დაიცავს ბოლომდე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „მთავარი ამოცანა არის სწორედ ის, რომ ჩვენ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ჩვენი კონსტიტუცია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და შევქმნათ ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“.

მისივე თქმით, მოქმედი რედაქციაში ბევრი რამ არის გასასწორებელი, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ასევე, საარჩვენო სისტემა. ირაკლი კობახიძის თქმით, „არცერთ ხელისუფლებას დღემდე არ გადაუდგამს ნაბიჯი პროპორციული სისტემისკენ და დღეს ამაზე მიდის საუბარი მთელი სერიოზულობით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სათანადოდაა მოსაწესრიგებელი პარლამენტის და მთავრობის ურთიერთობები, ასევე, მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები არის მოსაწესრიგებელი. მისივე განცხადებით, თითოეული რეგულაცია ვენეციის კომისიის დასკვნების და რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება.

„პრეზიდენტის სტატუსი არის მთლიანად შენარჩუნებული. დღეს ისიც კი ითქვა, რომ თითქოს პრეზიდენტი აღარ იქნება უმაღლესი მთავარსარდალი. პრეზიდენტი ამ რედაქციის თანახმად რჩება უმაღლეს მთავარსარდლად და უნარჩუნდება ყველა ის ნიშან-თვისება, რომელიც არის კონსტიტუციის შესაბამის მუხლებში გაწერილი. რაც შეეხება უფლებამოსილებებს, აქაც გვაქვს ჩვენ ყველა გადასინჯვას აქვს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საფუძველი. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტის სტატუსი ან უფლებამოსილებები იკვეცება - არის არასწორი და ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს - აქ მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი - ჩვენ გვქონდა არაერთი მსჯელობა თავად კომისიის, ასევე, კონფერენციების ფორმატში, ძალიან ფართო ფორმატი იყო, მაგალითად, ბოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ იყო ორგანიზებული ასეთი კონფერენცია. იქ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე ძალიან ძლიერი არგუმენტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უმჯობესია, გადასვლა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე და იქვე ვთხოვე მე ოპონენტებს, რომ კონტრარგუმენტები წარმოედგინათ. ვერცერთ ფორმატში ვერცერთი ღირებული არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რომლითაც ოპონენტები დაასაბუთებდნენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების უპირატესობას. ჩვენ შეგვიძლია ხალხი მარტივად მოვატყუოთ - ხალხს თუ დაუსვამ კითხვას, რა სჯობია - შენ აირჩიო პრეზიდენტი, თუ სხვამ აირჩიოს, პასუხი იქნება, რომ ჯობია, მე ავირჩიო. ეს იქნება შეცდომაში შეყვანის მცდელობა და მეტი არაფერი. სინამდვილე არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა განისაზღვროს სისტემის არსიდან გამომდინარე და თუ ჩვენ ადამიანებს არასწორად მივაწვდით ამ ყველაფერს, ბუნებრივია, მათი რეაქციაც იქნება შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები კომისიის მუშაობის პროცესში მონაწილეობას არ იღებენ.

„უფრო მეტიც, სამწუხაროდ, პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებენ ღია კამპანიას კომისიის წინააღმდეგ. ეს არის ყველასთვის თვალსაჩინო და უფრო მეტიც, მე დაახლოებით ერთი კვირის წინ მომაწოდეს სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონსულტაცია იმართება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცალკეულ პარტიებთან ადმინისტრაციის მხრიდან იმასთან დაკავშირებით,რომ მათ დატოვონ კომისიის რიგები. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია და იმედია, რომ ასეთ შედეგს ჩვენ არ ვიხილავთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საერთო პოლიტიკური ფონი 2012 წლის შემდეგ რადიკალურადაა შეცვლილი - თვისობრივადაა გააქტიურებული სამოქალაქო სექტორი, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი, ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი მოსაზრების სხვადასხვა ფორმატში გამოხატვის სრული შესაძლებლობა აქვს. მისივე თქმით, არის სირთულეებიც, თუმცა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არსებული პრობლემების დასაძლევად. მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმაც.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი გამოწვევა პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაა.

„ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა - პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და ეს გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან პოლარიზებული და რადიკალიზებული საპარლამენტო არჩევნები გასულ წელს. ასეთ დროს, ასეთი გამოწვევების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს განხეთქილების ხელშემწყობი პოლიტიკურ სისტემაში და ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას - რეალურად, პრეზიდენტის მხრიდან წარიმართება პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ორი ბანაკის ჩამოყალიბებას. ეს არის ის რეალობა, რომელიც გვაქვს სახეზე და ეს ძალიან ცუდია. და ასევე, ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას კონკრეტულ ინსტიტუტებთან, კონსტიტუციური ორგანოებთან და ესეც, რა თქმა უნდა, არ არის შესაბამისობაში იმ კონსტიტუციურ როლთან, რომელიც არის გაწერილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს კონსტიტუციაში. ხშირად გვესმის ჩვენ არაკორექტული გამონათქვამები, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, პრეზიდენტის მხრიდან - ერთხელ სატელევიზიო ჩართვისას აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ მას არასდროს გაქცევია სიტყვა, თუმცა, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა და ძალიან მძიმე ფორმით გაურბით სიტყვა, ეს იმას ნიშნავს,რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა და ამიტომ, საუბარს იმაზე, რომ ჩვენ არ გაგვირბის სიტყვა, ჯობია, მართლა არ გაგვექცეს ასეთი სიტყვები და ვიყოთ კორექტულები როგორც ჩვენი კოლეგების მიმართ, ასევე, სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთ პირობებში, პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას.

ბოლოს მე ვიტოვებ იმედს, რომ ზოგადად, შეიცვლება პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიდგომა კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ, პოლიტიკური პროცესების მიმართ. მიდგომის ასეთი ცვლილება პრეზიდენტს მისცემდა შესაძლებლობას, რომ თავისი მნიშვნელოვანი, დადებითი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, რაც არის ჩვენი ყველას, საერთო საქმე“,- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42