7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ხარებას აღნიშნავს

პარასკევი, 07 აპრილი, 2017 - 09:53

 ხარება — ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია, აღინიშნება ძველი სტილით 25 მარტს,  ხოლო ახალი სტილით - 7 აპრილს.

სახარების (ლუკა 1,28-35) მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზს უხარებია მარიამ ღვთისმშობლისათვის, რომ მისგან იშვებოდა იესო ქრისტე, ძე ღვთისა.

ქრისტოლოგიაში ხარება მიჩნეულია კაცობრიობის ხსნის დასაბამად, საუკუნეებით დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადებად და სხვა. ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.“ მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“

მაშინ მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან".

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულდება იოანე ოქროპირის ლიტურგია. ეს დღე მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43