პრემიერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს აფრთხილებს

ხუთშაბათი, 06 აპრილი, 2017 - 13:05

 დანაგვიანება არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ, ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია გათვალისწინებული; ეს ჩვენი ღირსების საქმეა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. პრემიერის თქმით, დანაგვიანების მხრივ კატასტროფული ვითარებაა, როგორც ავტობანის მიმდებარე, ისე სხვა ტერიტორიებზე.

„სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ამის თაობაზე წერენ ჩვენი მოქალაქეები, ჩამოსული ტურისტები და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ, ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია გათვალისწინებული. ეს ჩვენი ღირსების საქმეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია, პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

გიგლა აგულაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა ჩართულობით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში დაასრულებს მუშაობას ერთიან მოდელზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას, მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას და ყველა მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, ასევე განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი და პროცესის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას მუდმივად მიიღებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემის დროული აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით. „

მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და მინდა, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და საქართველოს მოსახლეობის კულტურის მაჩვენებელი. ამიტომ, ვერ შევეგუებით იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, ყველა უწყებას ვთხოვო, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42