საქართველო UNWTO-ს ევროპისა და აზიის მთის კურორტების კონფერენციას მასპინძლობს

ოთხშაბათი, 05 აპრილი, 2017 - 13:30

 საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

კონფერენციის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა დიდი პატივია საქართველოსთვის, რომელიც თავისი უძველესი ტრადიციებითა და ისტორიით სამართლიანად ამაყობს.

გიორგი კვირიკაშვილმა საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რისთვისაც ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს წილად ხვდა პატივი, ემასპინძლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციისთვის. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოვლენა, რადგანაც მეღვინეობის ტრადიციებს საფუძველი სწორედ საქართველოში ჩაეყარა 8 000 წლის წინ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ევრაზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მასპინძლობით, საფუძველი ეყრება კიდევ ერთ მნიშვნელოვან წამოწყებას, რითაც საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთის კურორტების განვითარებას.

„მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი მნიშვნელოვანი თანამდებობა - პირველი - წილად მერგო დიდი პატივი, ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე - სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების პროექტების მენეჯერი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი - გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი. გარდა ამისა, მთავრობამ წარმატებით გამოიყენა საჯარო-კერძო პარტნიორობის პოტენციალი, რის შედეგად, სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობით, სამთო კურორტები მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი ინვესტორი ბაკურიანის „კოხტა-მიტარბის“ პროექტის ფარგლებში არის დღევანდელი კონფერენციის გენერალური სპონსორი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სხვადასხვა კურორტის გენერალური გეგმის შემუშავების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანადური კომპანია Ecosign Mountain Planners -ის მიერ უკვე მომზადებულია გუდაური-კობის გენერალური გეგმა; ხოლო კიდევ ოთხი კურორტის - ბაკურიანის, თუშეთის, მესტისა და ბახმაროს გენერალური გეგმები ამჟამად მუშავდება. პრემიერის თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოს მთის კურორტები ზამთარ-ზაფხულ დატვირთული იყოს და მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ჰქონდეთ ლაშქრობებში, გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენმა შრომამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს - ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ამ მიზნით, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ გამართული მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად და ყველა პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანმიმდევრული და ეტაპობრივი მიდგომის შედეგად, საქართველოში საერთაშორისო სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი - 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის, ბოლო რვა წლის განმავლობაში მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გასაძლიერებლად და განსავითარებლად გაწეული ძალისხმევისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. „სწორედ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და პირადად თქვენმა ლიდერობამ უზრუნველყო ძლიერი მუხტი ამ სექტორის განვითარებაში, რის შედეგადაც მან წარმატებული საქმიანობის ახალ საფეხურს მიაღწია. პატივცემულო ბატონო რიფაი, თქვენ ხართ ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე! ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დასახელებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ეს სექტორი მომავალშიც გააგრძელებს დინამიურად განვითარებას, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება და მხარს დაუჭერს ყველა ქვეყანას, ასოცირებულ თუ შვილობილ ორგანიზაციას. დარწმუნებული ვარ, არჩევის შემთხვევაში, ელჩი პოლოლიკაშვილი იქნება ღირსეული მემკვიდრე, რომელიც სათანადოდ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. გამოვთქვამ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მას მხარს დაუჭერს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს პროდუქტიული მუშაობა უსურვა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას უმნიშვნელოვანესი ღონისძიების საქართველოში ჩატარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კონფერენციაში სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42