ნიკა გვარამია ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებაზე უარს ამბობს

პარასკევი, 24 მარტი, 2017 - 10:18

ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებას, „რუსთავი 2“-ის წილების 40%-ის ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის უსასყიდლოდ გადაცემაზე, ნიკა გვარამია უარით პასუხობს.

ნიკა გვარამიამ თანამშრომლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ძმებ ყარამანიშვილებს შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა და ფიქტიურ გარემოებებზე ისაუბრა.

„ჩვენ „რუსთავი 2“-ის თანაშრომლებმა განვიხილეთ ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზება ჩვენთვის მათი კუთვნილი 40%-იანი წილის გადმოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ ამ შემოთავაზებისთვის, თუმცა ამ წინადადებას უარით ვპასუხობთ ეს უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

პირველი, ამჟამად, ყადაღის ქვეშ მყოფი 40%-იანი წილის „რუსთავი 2“-ის გუნდისთვის გადმოცემა, პრაქტიკულად, განუხორციელებელია, რამეთუ “რუსთავი 2“-ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9%-ის წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივად ფიქციაა.

ამას გარდა, კომპანიის 40-%იანი წილის ფლობა არ ცვლის საქმის ვითარებას. გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია „საქართველოს“, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს ფლობს, ტელეკომპანია “საქართველოს“ მესაკუთრეები ყარამანიშვილები არიან. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ერთგვარად ფიქტიურია, რადგან კოლექტივისთვის კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართულობის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის.

მესამე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით. საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს „ტელეკომპანია საქართველო“, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადაღადებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე",- განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა მფლობელმა ლევან ყარამანაშვილმა ტელეკომპანიის თანამშრომლებს მიმართა და არხის მფლობელების სახელით, შესთავაზა, ტელეკომპანიის 40 %-იანი წილი თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გადანაწილდეს. ამასთან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2-ის“ წილები ქიბარ ხალვაშს გადაეცა, თუმცა აღნიშნული განჩინების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა. ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აქციების 91 პროცენტს ფლობენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61