ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულსაც მიეცემა

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 16:45

 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭება. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის სესიაზე დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წარადგინა.

კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლის მიზანია მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნება.

„განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს ხანგრძლივი პაემნის სერვისი არ არის. ვფიქრობთ, ეს არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც მაღალი რისკი დაუდგინდათ, საჭიროა მათ ჰქონდეთ ოჯახთან კომუნიკაციის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის საშუალება. ამიტომ, გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომ განსაკუთრებული რისკის პატიმრებს მიენიჭოთ წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნის უფლება“, - განაცხადა მინისტრმა.

კახა კახიშვილის თქმით, მსგავსი კატეგორიის პატიმრებისთვის გათვალისწინებული იქნება წელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი და დამატებით კიდევ ერთი წახალისების მიზნით. პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კიდევ არაერთ სიახლეს ითვალისწინებს მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების, მათი უფლებების რეალიზაციისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო სიახლეებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული ხდება ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლით და პირველადი მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარითაც უზრუნველყოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46