ახალი დოკუმენტები ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ადასტურებს - საია

ხუთშაბათი, 23 მარტი, 2017 - 11:44

ახალი დოკუმენტები ზვიად ნაზღაიძის საქმეზე გამოძიების დაწყების საჭიროებას ადასტურებს, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ახალ დოკუმენტებს ასაჯაროებენ. 

"საიამ, მოიპოვა დოკუმენტები რომელზე დაყრდნობითაც, 2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი, საიას კვლევაში მოყვანილი ფაქტების უსამართლობაზე საუბრობდა. მოპოვებული დოკუმენტიდან, ერთი სოფიო ქათამაძესა და შპს „ფროფერთი მენეჯენტს“ შორის 2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული მემორანდუმია, მეორე „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი, ხოლო მესამე საქართველოს ბანკის მიერ 2015 წლის 21 ოქტომბერს საჯარო რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი.

გვსურს მოკლედ შევეხოთ თითოეულ დოკუმენტს. 1. მემორანდუმი გაფორმებულია ორ კერძო პირს შორის და ეხება ქონებას, რომელიც იურიდიულად არცერთი მათგანის საკუთრებას არ წარმოადგენდა. 2015 წლის 3 ივნისისათვის ქონების მესაკუთრე საქართველოს ბანკი იყო. ამასთან, აღნიშნული მემორანდუმი არ წარმოშობდა თბილისის მუნიციპალიტეტისათვის რაიმე სახის ვალდებულებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდებოდა საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის განკარგულების მიღება (ზვიად ნაზღაიძისათვის ყიფშიძის ქ. #2-ს მიმდებარედ არსებული ქონების ჩამორთმევა და სანაცვლოდ 971,260 ლარის გადაცემა (ნაწილობრივი უძრავი ქონების სახით));

2. შპს „ფროფერთი მენეჯმენტის“ 2015 წლის 29 ივნისის წერილი ადასტურებს, რომ იმავე წლის 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ, კომპანიამ უარი თქვა მემორანდუმში აღნიშნულ განზრახვაზე (ინვესტიციის განხორციელება). ამავდროულად, არც მემორანდუმის გაფორმების და არც სტიქიის დროს, მიწის ნაკვეთზე არ იყო გაცემული სამშენებლო ნებართვა. მემორანდუმში მხოლოდ საუბარია - საზოგადოებრივ-საცხოვრებელი ფუნქციის (სასტუმრო-სახლი) ობიექტის მშენებლობის შესაძლებლობაზე, რომლის მსგავსი დოკუმენტიც ნებისმიერ პირს შეუძლია გააფორმოს;

3. საქართველოს ბანკის 2015 წლის 21 ოქტომბრის წერილი ადასტურებს, რომ ბანკმა რეესტრს იმ ჩანაწერის გაუქმება სთხოვა, რომელიც 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ზვიად ნაზღაიძეს გამოსყიდვის ოფციის უფლებას უტოვებდა. წერილში შეწყვეტის საფუძვლად ვადის ამოწურვაა მითითებული.

მნიშნველოვანია, რომ აღნიშნული ვადა მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იქნა ასახული და ასეთად 2014 წლის 1 ივლისი იყო მიჩნეული. შესაბამისად, საქართველოს ბანკის მიერ რეესტრისათვის გაგზავნილი წერილი კიდევ ერთი დოკუმენტია, რომელიც გამოსყიდვის ოფციის უფლების 2014 წლის 1 ივლისს დასრულებას ადასტურებს.

იგივე დასტურდება საჯარო რეესტრის 2014 წლის 3 იანვრის ამონაწერით. ზემოთ მოყვანილი ფაქტები მოწმობს, რომ საიას მიერ მომზადებული კვლევაში ასახული ინფორმაცია და დასკვნები არათუ უსამართლოა, არამედ კიდევ უფრო გამყარებულია ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით. შესაბამისად, ეს დოკუმენტები ხაზს უსვამს საქმეზე გამოძიების წარმოების საჭიროებას.

საია მოუწოდებს თბილისის საკრებულოს და მერიას, რომ პროაქტიულად თავად გამოაქვეყნონ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ზვიად ნაზღაიძის საქმესთან არის დაკავშირებული და საზოგადებისათვის ამ დრომდე უცნობი რჩება:, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც საიას მიერ მოპოვებული დოკუმენტები ერთვის თან..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61