პრეზიდენტმა მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო

ორშაბათი, 20 მარტი, 2017 - 15:01

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო.

გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ვეტოს დადება ორი ძირითადი მიზეზით ახსნა. პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება, ასევე, მარგველაშვილის თქმით, კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯებია.

„ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადად ორი ხარვეზი - პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი, და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან მიმართებაში. მეორე, ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს, ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. 2014 წლის 29 ნოემბერს მე იგივე კანონს დავადე ვეტო, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი ზარზეიმით, როგორც წარმატება, ამცნო საზოგადოებას, რომ დაძლიეს ვეტო, მაგრამ მალევე საკონსტიტუციო კომისიამ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს, სწორედ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიცემული ვადის ფარგლებში ვმუშაობთ, როდესაც 2017 წლის 31 მარტამდე დაევალა პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ვეტოების ისტორია გაახსენა.

„საზოგადოებას ვეტოების ისტორია მინდა გავახსენო, რადგან დღეს ამაზე კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ. მე ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან მიმართებაშიც გამოვიყენე, და სულ რამდენიმე დღეში მოგვივა ხელმოსაწერად ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა. მაშინაც, კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას დიდ წარმატებად ამცნო იმ ვეტოს დაძლევა, მაგრამ მალევე, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ის ვეტო, ხოლო ახლა, წელიწადნახევრის მერე ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს ახალ კანონპროექტს, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე მქონდა ვეტოში დაფიქსირებული. მიმდინარე წლის 25 იანვარს გამოვიყენე ვეტოს უფლება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. აქაც საზოგადოებას ამცნეს, რომ შესაძლებელია ვეტოს დაძლევა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, 15 თებერვალსა კანონთან მიმართებაშიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ერთ- ერთი ის პუნქტი, რომელიც მე მქონდა ვეტოში გათვალისწინებული. საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47