არასამთავრობოებმა საკონსტიტუციო კომისიას ოფიციალურად მიმართეს

ოთხშაბათი, 15 მარტი, 2017 - 12:24

გოგონათა, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები  საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმართავენ.

"ჩვენ, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომელიც არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

აღნიშნულში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, კომისიის სამუშაო ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ სქესთა შორის თანასწორობის რეალური იდეის კონსტიტუციური გარანტიების შემუშავებაზე მიმართული რეკომენდაციების განხილვამ, რასაც კომისიის წევრების მხრიდან მოჰყვა არასერიოზული და დამცინავი დამოკიდებულება.

მიგვაჩნია, რომ სათანადოდ არ ხდება ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების რეალიზება, რისი მიზეზიც უმეტესად არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების არარსებობაა. ქალთა და უმცირესობათა წარმომადგენელი მოქალაქეების ღირსების შემლახველი მდგომარეობა ყველაზე ხილულად სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური უფლებების განხორციელების დროს გამოიხატება. ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გახდეს საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს გენდერულად სამართლიანი, არსებითი თანასწორობის მიღწევის მთავარი საშუალება ქვეყანაში. რაც უზრუნველყოფს გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების თანასწორობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს: - საკითხის სიღრმისეული ცოდნით და მგრნობელობით განიხილონ გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ რეალური თანასწორობის მიღწევის მექანიზმები აღნიშნული ჯგუფების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისა და ზოგადად მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;

- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შესაბამისი სტატუსით ჩართონ გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა თემებზე მომუშავე პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციები;

- კონსულტაციები გამართონ გენდერული თანასწორობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან, რათა ქალთა, გოგონათა, შშმ პირთა და უმცირესობათა საჭიროებები გათვალისწინებული იყოს საქართველოს უზენაეს კანონში.

- საქართველოს პარლამენტს:

- მეტი გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და დროული შესრულება.

- საქართველოს პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს:

- უზრუნველყოს საკონსტიტუციო კომისიის გენდერული და ინკლუზიური თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული მუშაობა;

- განახორციელოს კონსტიტუციის არსებული პროექტის დეტალური ანალიზი და შეიმუშაოს მოსაზრებები რეალური თანასწორობის უზრუნველყოფისათვის;

- მოახდინოს საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ინფორმირება რეალური თანასწორობის მიღწევის პრინციპების, ვალდებულებების, მექანიზმების და საშუალებების შესახებ.

ადამიანის უფლებებზე, მათ შორის გოგონათა, ქალთა, შშმ პირების და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გავმართოთ შეხვედრები და კონსულტაციები, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო კომისიასთან, ისე საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელთან", მიმართვას ხელს აწერენ: 1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; 3. გენდერული თანასწორობის ქსელი; 4. ქალთა საინფორმაციო ცენტრი; 5. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცედნტრი; 6. გენდერული სამართლიანობა; 7. გენდერული თანასწორობის ქსელი; 8. საფარი; 9. ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველო (WECF/Georgia); 10. თანასწორობის მოძრაობა; 11. ქალთა ფონდი საქართველოში; 12. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის; 13. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის; 14. ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება; 15. სამოქალაქო ინიციატივები დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისთვის; 16. საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი; 17. მზის შვილები - დაუნის სინდრომი; 18. განათლებისა და შრომის ასოციაცია; 19. ასოციაცია ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის; 20. თელავის გენდერის მედიაცენტრი; 21. რუსთავის გენდერი მედიცენტრი; 22. გორის გენდერის მედიაცენტრი; 23. ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი; 24. ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი; 25. ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი; 26. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; 27. ბათუმის გენდერის მედიაცენტრი; 28. ახალციხის გენდერის მედიაცენტრი; 29. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; 30. ინტეგრაცია- ევროატლანტიკური არჩევანი; 31. საქართველოს ქრისტიან ქალთა ცენტრი; 32. საინიციატივო ჯგუფი ,,ქალები საქართველოსთვის" 33. ასოციაცია ,,თანადგომა ხალხთან''; 34. ა(ა)იპ ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის; 35. კონსტიტუციის 42 მუხლი; 36. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ლაგოდეხის რ/ კომიტეტი (ასოციაცია); 37. "საქართველოს დემოკრატიის სახლი"; 38. ასოციაცია "ევროპის დროით"; 39. საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“; 40. BBSA - Georgia შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი -საქართველო; 41. საზოგადოება „ბილიკი“; 42. იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47