საქართველოში ჩამოსულ მე-6 მემილიონე ტურისტს განსაკუთრებული დახვედრა და სიურპრიზი მოუწყვეს

პარასკევი, 10 მარტი, 2017 - 20:02

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელიც საქართველოში 2016 წელს მეექვსე მემილიონე ტურისტის შემოსვლასთან დაკავშირებით მომზადდა.

საქართველოში ჩამოსული მე-6 მემილიონე ადამიანი ჰოლანდიელი სტუმარი აღმოჩნდა, რომელმაც თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარი იყო და სიურპრიზი ელოდა. ვიდეორგოლში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა, ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს. ჯასპერს მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას.

როგორც გიორგი გახარიამ ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2016 წელს შემოსული მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 6 მილიონი ნიშნავს იმას, რომ ტურიზმი, როგორც დარგი და ეკონომიკის სექტორი, სწრაფად ვითარდება.

„ჩვენ სერიოზულ იმედებს ვამყარებთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაში ტურიზმის ფაქტორზე. სახელმწიფო სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს ტურიზმის განვითარებისთვის და ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე საქართველო გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული ქვეყანა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურების სხვა სფეროებს უზარმაზარი როლი აქვთ სამუშაო ადგილების შექმნაში. „დღეს, ერთ- ერთი ყველაზე სწრაფი სექტორი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით გახლავთ ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურების სფეროები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ იყო გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც მიეძღვნა მეექვსე მემილიონე ტურისტს და რომელსაც უმასპინძლა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. ვიდეორგოლი მართლაც ძალზე შთამბეჭდავია“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

4.30 წუთიანი ვიდეორგოლი კომპანია ,,ვინდფორსმა“ დაამზადა, რომელიც კვლევის საფუძველზე შეირჩა.

„ეს იყო ჩვენთვის ძალიან განსხვავებული გამოცდილება, რადგან ყველაფერი ხდებოდა ერთ დუბლში, წინასწარ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა და ყველაფერი იყო ძალიან სპონტანური. ვფიქრობ, კარგი მომზადების შედეგად კარგი ვიდეორგოლი გამოგვივიდა“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს სარეკლამო კომპანია ,,ვინდფორსის“ დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლთან ერთად შეიქმნა ინტერნეტპორტალი www.hostme.ge, სადაც ონლაინ-რეჟიმში საქართველოში მცხოვრები მომხმარებლების მიერ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება.

ინტერნეტპორტალისა და ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ გეგმებზე პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გააკეთა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვიდეორგოლისა და პორტალის პოპულარიზაცია დაგეგმილია საერთაშორისო ბაზარზე, რომელიც მოიცავს 14 ქვეყანას: იტალია, გერმანია, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, ბელარუსი, ლატვია, ლიტვა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი და გაერთიანებული საემიროები. ვიდეორგოლის ჩვენება საერთაშორისო გამოფენებისა და მიზნობრივ ბაზრებზე დაგეგმილი პრეზენტაციების (roadshows) ფარგლებში მოხდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46