საპატრიარქო დიდი მარხვის შესახებ

პარასკევი, 03 მარტი, 2017 - 15:02

„დიდი მარხვა“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ დაწესებულ მარხვას „დიდი“ თავისი მნიშვნელობის გამო ეწოდება. იგი მოიცავს ერთ „წმ. ორმეოცს“, ე.ი. ორმოც დღეს და ვნების შვიდეულს (მაცხოვრის ვნების კვირას), რაც ჯამში 49 დღეს გრძელდება.

თავდაპირველად დიდი მარხვის ძირითადი დანიშნულება იყო კათაკმეველთა, ანუ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულთა, მომზადება ნათლისღებისათვის, რაც აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს, სრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე პირველი ათასწლეულის შემდეგ ეკლესიაში კათაკმეველთა ინსტიტუეტი ფაქტობრივად აღარ არსებობს, დიდი მარხვის მთავარი მნიშვნელობა იგივე რჩება, რადგანაც გაქრისტიანების მიუხედევად ჩვენ მუდმივად ვკარგავთ და ვღალატობთ იმ მადლს, რაც ნათლისღებისას მივიღეთ. დიდი მარხვა გვამზადებს ამ დაბრუნებისთვის და ქრისტეს მიერ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლისთვის.

დიდი მარხვა და აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს ხელახლა განგვაცდევინებს იმ საიდუმლოს, რომელიც მაშინ მოგვეცა, როცა ჩვენ ნათლისღებისას მოვკვდით და მკვდრეთით აღვსდექით, ამიტომაც იგი ყოველდღიური დაბრუნებაა ჩვენს „მეორედ შობასთან“. მარხვა არის ჟამი ფიქრისაც. დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, თითქმის აღარ გვრჩება ჩვენი ქმედებების და აზრების გაცნობიერებისა და საკუთარ თავში ჩაღრმავების დრო. ინერცია წარმართავს ჩვენს ყოფას. ჩვენში დალექილი ინფორმაცია გაუცნობიერებლად გვმართავს და გვიპროგრამებს როგორც ყოველდღიურ ყოფას, ისე ადამიანებთან და ხშირ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობასაც. ხოლო თუ ადამიანი საკუთარ გულსა და გონებას, საკუთარ სხეულს არ ფლობს, მაშინ ის ხდება რომელიმე ვნებისა (ან ვნებების) მონა. ესა თუ ის ნივთი, ან ქვენა გრძობა იწყებს ადამიანზე გაბატონებას, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი მართავდეს და განაგებდეს მას. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ მარხვის არსი არ არის მხოლოდ საკვებისაგან თავის შეკავება, თუმცა ესეც აუცილებელი პირობაა ამ პერიოდის მოღვაწეობისა.

ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ საკვებისაგან თავის შეკავებით ხორცის მოკვდინება კი არ გვრგებს, არამედ ამ გზითაც შეწევნის მიღება ჩვენში არსებულ ვნებათა დასათრგუნად. ეს არ არის წელიწადის ის პერიოდი როცა გარკვეული ფორმალური რელიგიური მოვალეობების შესრულება გვეკისრება. არამედ იგია საშუალება ღმერთთან ერთობისა, სიყვარულის კავშირის განმტკიცებისა. ამ მიზნის მისაღწევად კი გვჭირდება: სინანულის საშუალებით ცოდვების და-მარხვა, გემოთმოყვარეობისაგან თავის და-მარხვა, ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის ჩვენი ვნებების და-მარხვა, ლოცვით ყველა იმ წინაღობების და-მარხვა, რომელიც ჩვენსა და ღმერთს შორის დგება.

წმ. ბასილი დიდი წერს: „ასე რომ, შესაქები მარხვისათვის არ კმარა მხოლოდ საჭმელისაგან თავის შეზღუდვა; არამედ ვიმარხულოთ ღვთისათვის მისაღები და სათნო მარხვით. ჭეშმარიტი მარხვაა ბოროტებისაგან ჩამოშორება, ენის მოთოკვა, მრისხანების მოცილება, ვნებების მოკვეთა, ბოროტის ტყვაობისაგან, ცრუ აღთქმა-ფიცობისაგან განთავისუფლება, – მშვენიერია ამგვარი მარხვა”.

ჭეშმარიტი მარხვა თანაშერწყმულია მოუკლებელ ლოცვასთან და გულწრფელ სინანულთან. „სინანული მარხვის გარეშე უქმია”, – ამბობს წმ. ბასილი დიდი.

ასევე, მარხვაც კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია. დიდი მარხვა ეკლესიაში განსაკუთრებულ და ყველაზე კურთხეულ პერიოდად ითვლება სულიერი ცხოვრებისათვის. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი დიდი მარხვისას სხვანაირად უნდა ცხოვრობდეს ვიდრე, სხვა დროს. ჩვენთვის ყოველი დღე უნდა იყოს დიდი მარხვაც, დიდი პარასკევიც, დიდი შაბათიც და აღდგომაც. მაგრამ, რადგანაც სულიერ ცხოვრებაში მერყეობები გვახასიათებს, ეკლესიამ, როგორც მზუნველმა დედამ, დაგვიწესა დიდი მარხვა, რათა ამ დროს განსაკუთრებული მობილიზებით აღვიჭურვოთ, რომ ძალისამებრ ჩვენისა ღირსეულად შევეგებოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ამ პერიოდში მაინც დავიწყოთ ისეთი ცხოვრება, როგორც ყოველთვის უნდა ვცხოვრობდეთ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.65
  • 3.06
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42