რა იმალება “ციანიდის საქმის” უკან

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 - 16:49

თითქოს ამოიწურა ვერსიები ე.წ. ციანიდის საქმეზე, ვინც არ დაიზარა, ეკრანზე გამოგვეცხადა თავისი ორიგინალური ხედვითა და დასკვნებით. გაბერეს, გაბუქეს, გაამასშტაბეს. არ გაგიკვირდეთ, რადგან ევროპული ლიტერატურის კლასიკოსი ბერნარდ შოუც ასე იქცეოდა და ასე წერდა. ამასვე ქადაგებდა: “თქვენი იდეა ისე უნდა გაბუქოთ, რომ აიძულოთ ადამიანები წამოხტნენ და გისმინონ ყურადღებით, თანაც დააშინოთ იმგვარად, რომ მოქმედება დაიწყონ”.

მეეჭვება, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე ვერსიების გამავრცელებლებს წაუკითხავთ შოუს ეს შეგონება. მაგრამ გათავისებული რომ აქვთ, ნაღდია. მოგვიმრავლდნენ კლასიკოსები საქართველოში. ამ პუბლიკაციის მიზანი მოკრძალებულია: პროფესიული შეფასება ვთხოვოთ უშიშროების გენერალ მაიორს ანზორ მაისურაძეს.

_ ასეთი აჟიოტაჟი თქვენ დროს რომელიმე საქმეზე თუ იყო ატეხილი?

_ არა, არასოდეს ყოფილა და არავის უცდია მსგავსის გაკეთება. ჩვენი მიზანი და დანიშნულება სულ სხვა იყო, ჩვენი პრაქტიკული საქმიანობა სხვა კალაპოტით წარიმართებოდა.

_ კერძოდ?

_ გეტყვით. ვთქვათ, უშიშროების კომიტეტის მეხუთე განყოფილებამ, რომელსაც ერთ დროს ვხელმძღვანელობდი და რომლის ფუნქციაშიც სხვა დარგებთან ერთად ეკლესიის კურირებაც შედიოდა, მიიღო მსგავსი ოპერატიული ინფორმაცია. მომახსენეს, რომ კონკრეტული პირი აპირებს კალიუმციანიდის ყიდვას (ან უკვე ნაყიდი აქვს), განზრახული აქვს, გაემგზავროს გერმანიაში და იქ მავანი მნიშვნელოვანი ფიგურის ლიკვიდაცია განახორციელოს. რას ვაკეთებ ამ დროს მე, როგორც განყოფილების უფროსი? მიღებულ ინფორმაციას მოვახსენებ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ალექსი ინაურს, თან ვთავაზობ ჩემს მოსაზრებას, რის გაკეთებას ვაპირებთ შექმნილ სიტუაციაში. ვარიანტი ორია: ან გავაფრთხილოთ ეს პიროვნება და ვურჩიოთ, ხელი აიღოს განზრახულის განხორციელებაზე, ან დავიწყოთ ეჭვმიტანილის დამუშავება. ინაური იღებს გადაწყვეტილებას და მეუბნება: უკეთესი იქნება, თუ გავაფრთხილებთ, რადგან ჩვენი მიზანი არ არის მაინცადამაინც ადამიანის დაპატიმრება. თუ იქნებოდა ასეთი დირექტივა, ჩვენ დავუძახებდით ამ კაცს და ვეტყოდით, რომ ყველაფერი ვიცით მისი განზრახვის შესახებ. გავაფრთხილებდით, თავიდან ამოეგდო ეს ჩანაფიქრი, თორემ დავაპატიმრებდით და თავს დაიღუპავდა. გააკეთებდა?

_ არა, რა თქმა უნდა.

_ არ გააკეთებდა. მეორე ვარიანტი: თუ გვექნებოდა საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება ამ დანაშაულის ნამდვილად ჩამდენია, რომ ბოროტ განზრახვაში მონაწილეობენ სხვა შეთქმულებიც და საქმე სახელმწიფოს უშიშროებას შეუქმნიდა საფრთხეს, შევუდგებოდით ამ კაცის დამუშავებას. ორივე ვარიანტი განხორციელდებოდა ყოველგვარი გახმაურების გარეშე. სხვათა შორის, ამით დაცული რჩებოდა ადამიანის უფლებები და, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმპციაც.

_ დამუშავებაში რა იგულისხმებოდა?

_ ეჭვმიტანილი ადამიანის საფუძვლიანი შემოწმება. ყველანაირი: რას წარმოადგენს ეს ადამიანი თავისი ბიოგრაფიით, რა ურთიერთობა აქვს საზოგადოებრიობის წევრებთან, როგორი დამოკიდებულება

_ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ეკლესიასთან. როგორ ახასიათებენ მას თანამშრომლები, ნაცნობები, ახლობლები; ვინ არიან მისი ოჯახის წევრები. ამ ფართო სპექტრის გასარკვევად გამოვიყენებდით ოპერატიული მუშაობის ყველა ფორმას _ მისი საუბრების ფარულ ჩაწერას (კანონით დადგენილი ნებართვის მიღების საფუძველზე, თვალთვალს და ა.შ.). ასეთი დამუშავება შეიძლება გაგრძელებულიყო ერთ, ორ, სამ წელიწადს _ სანამ არ დაგროვდება საკმარისი მასალა, ეჭვმიტანილის ბრალეულობის დასამტკიცებლად.

_ ამასობაში ამ კაცს ხომ შეეძლო ჩაფიქრებული დანაშაულის განხორციელება?

_ ვერ შეძლებდა, რადგან უშიშროება აკონტროლებდა მის ყველა ნაბიჯს.

_ მასალებს ვაგროვებდითო, ბრძანეთ თქვენ. ეს როგორ უნდა გავიგოთ?

_ მასალებში, უწინარეს ყოვლისა, იგულისხმება მოწმეთა ბაზის შეგროვების შესახებ, რომ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია იყო ნამდვილი; უნდა მოგვეპოვებინა აუდიო და ვიზუალური მასალები, ანუ დოკუმენტურად განმტკიცებული ბრალდება, რათა ეჭვმიტანილს რომც არ ეღიარებინა, დანაშაული ფაქტობრივად დამტკიცებული იქნება. ამ მასალებს რომ წარვუდგენდით, როგორც წესი, იძულებული გახდებოდა, ხელები აეწია.

_ ამ ჭრილში “ციანიდის საქმის” გამო განხორციელებულ ოპერატიულობას როგორ ახსნით?

_ უნდოდათ ეჭვმიტანილის დაჭერა და დაიჭირეს. არადა, შეეძლოთ გაფრთხილება. ეტყობა, სურდათ დაჭერა, რათა კომპრომენტირება მოეხდინათ ამ კონკრეტული პიროვნების და მისი სახით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. ეკლესიის კომპრომენტაცია კი ნიშნავს ქვეყნის სტაბილურობის შერყევას.

_ თქვენ გინდათ თქვათ, რომ უშიშროების ქმედება მიმართული იყო ქვეყანაში არეულობის გამოსაწვევად?!

_ მე კი არ მინდა, არამედ ლოგიკურად, შედეგის მიხედვით ასე გამოვიდა. ისტერიკა, რომელიც მასმედიაში და პოლიტიკურ კლასშია ატეხილი, მოწმობს, რომ სურდათ თუ არა, მდგომარეობა დაიძაბა, აირია და ხელისუფლება გადავიდა სიტუაციის დასამშვიდებელი ღონისძიებების განხორციელებაზე, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ძალები ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური და სხვა პრიორიტეტული პრობლემების გადასაწყვეტად წარმართოს.

_ ესე იგი, სახეზეა მასშტაბური პროვოკაცია? იქნებ, საიდუმლო ოპერაციაც კი?

_ ასე გამოდის.

_  გაქვთ ეჭვი, თუ ვინ, რა ძალები წარმართავენ ამ ოპერაციას?

_ მე მხოლოდ მიგანიშნებთ, დასკვნები კი თქვენმა მკითხველებმა გააკეთონ. გაგახსენებთ, რომ ჯერჯერობით არავის უთქვამს უარი ერთ დროს პრეზიდენტ კარტერის მრჩევლის ზბიგნევ ბჟეზინსკის დოგმაზე: “საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი მთავარი მტერი იქნება მართლმადიდებლობა”. საქართველოში ჩამოსულ ბჟეზინსკის “კვირის პალიტრის” კორესპონდენტი ზურაბ მჭედლიშვილი რომ შეეკითხა, რას ნიშნავს თქვენი ასეთი დასკვნაო, კამათსა და წინააღმდეგობებს შეჩვეული ეს სახელმწიფო მოღვაწე ისეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ისე ეცვალა ფერი და დაიბნა, რომ ვერაფერი უპასუხა.

_ ხოლო როდესაც სხვა დროს, სხვაგან და სხვა კორესპონდენტმა დაუსვა შეკითხვა (ეს იყო ცათამბჯენ “ტყუპების” აფეთქებამდე), საშიში ხომ არ არის მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ბენ ლადენის იარაღით მომარაგება, მან უპასუხა: “ეს საიდუმლო ოპერაცია შესანიშნავი იდეა იყო. მისი მიზანი ავღანეთის ხაფანგში რუსების შეტყუება იყო, და თქვენ გსურთ, რომ მე დავინანო ამის გამო?” ესეც ერთი მაგალითი იმისა, თუ სად უნდა ვეძებოთ საიდუმლო ოპერაციების მოწყობის დიდოსტატები.

_ მე არაერთხელ მითქვამს, თუ ვინ წარმართავს ჩვენი სპეცსამსახურების საქმიანობას, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ. მაგრამ ისიც უნდა დავუმატო, რომ “ციანიდის” შემთხვევაში ყველაფერი ძალიან არაპროფესიულად გაკეთდა. იმდენად არაპროფესიულად, რომ ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ხალხში. ჩემში _ განსაკუთრებით. მე ყოველთვის იმის მომხრე ვიყავი, რომ საზოგადოებისთვის ეს საქმე გამოძიების დამთავრების შემდეგ უნდა გასაჯაროებულიყო. მაგრამ ახლა, გახმაურების ამ ფონზე რაგინდ კონკრეტული მასალები დადოს პროკურატურამ, ყველაფერს ფასი ექნება დაკარგული. ამას ხელი შეუწყო პოზიციების გაუგებარმა ცვლილებამაც _ დანაშაულში ეჭვმიტანილს თურმე პატრიარქის მოკვლა კი არ ჰქონდა განზრახული, არამედ მისი რეფერენტის _ შორენა თეთრუაშვილის და სხვა ამგვარი. ხომ არ შეიძლება საქმის ასე გამასხარავება? ხალხის დაჭერაზე ადვილი რა არის? მაგრამ საჭიროა კი? ერთ-ერთ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გახურებულ ანტისაბჭოთა პროპაგანდას ეწეოდნენ. ყველამ იცის, რომელ ინსტიტუტზე ვლაპარაკობ. გავამზადეთ ანალიტიკური ცნობა და მოვახსენეთ კომიტეტის თავმჯდომარეს. ინაური ჩვეულებისამებრ დაელოდა ჩემს წინადადებას _ რას შევთავაზებდი მდგომარეობის გასანეიტრალებლად. ჩემი მოსაზრება ასეთი იყო: აღნიშნული ინფორმაცია მიგვეწოდებინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისთვის, ბატონ ნიკო მუსხელიშვილისთვის, რომელიც უეჭველად მოაგვარებდა ამ საჩოთირო სიტუაციას. ინაური დამეთანხმა. ინფორმაცია მივუტანე ბატონ ნიკოს. ჩემი თანდასწრებით დაიწყო კითხვა და სულ ვაი-ვაის იძახდა ეს ბუმბერაზი მეცნიერი და პიროვნება. ბოლოს _ რა ვქნათო, მკითხა. როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ, ისე მოიქეცით-მეთქი. უმჯობესი იქნება, შეკრიბოთ თქვენი ეს თანამშრომლები და გააფრთხილოთ. თუ ყურად არ იღებენ თქვენს რჩევას, იძულებული შევიქნებით, ვაცნობოთ ეს ამბავი კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, რომელიც უეჭველად მოგვცემს ისეთ დირექტივას, რომ თქვენს ხალხს ვეღარაფრით ვუშველით-მეთქი. მან გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება და ვითარებაც კალაპოტში ჩადგა. მაგრამ სრული უფლება გვქონდა ასე არ მოვქცეულიყავით: აგვეტეხა დავიდარაბა, გამოგვექვეყნებინა პრესაში მწვავე მასალა და ინსტიტუტის აკადემიკოსი ხელმძღვანელის, მასთან ერთად 5-6 მეცნიერ-მუშაკის საქმე გადაგვეცა სასამართლოსთვის, რომელიც მათ უეჭველად პატიმრობას მიუსჯიდა. შეგვეძლო, მაგრამ არ გავაკეთეთ. დღეს კი, სააკაშვილის ზეობის პერიოდიდან მოყოლებული, დარწმუნებული არიან, რომ რაც უფრო მეტ თანამემამულეს დააპატიმრებენ, უკეთესი იქნება. ეს არაპროფესიონალიზმის უპირველესი ნიშანია.

P.S. მართალს ამბობს ბატონი ანზორი: მამა გიორგი მამალაძის დაკავების ისტორია, მედიაში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით (ეჭვმიტანილმა შეიძინა საწამლავი, რომელიც მას აღმოუჩინეს და ეს, არცთუ რიგითი ღვთისმსახური, აპირებდა ეკლესიის მაღალი იერარქის მოკვლას) იმდენად პრიმიტიულია, როგორც ნარკომანის ჯიბეში ჩხრეკისას აღმოჩენილი “თეთრი სიკვდილის” “ჩეკი”. პრიმიტივიზმი პროფესიონალიზმთან შეუთავსებელია. მაგრამ თურმე ყოველთვის ასე არ არის. არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება, როცა სიმარტივისა და პრიმიტივიზმის უკან უმაღლესი პროფესიონალების მიერ დაგებული ხაფანგი იმალება, რომელშიც იოლად ჩაითრევენ ობივატელს და მის “ფიქრთა დინებას” სასურველი მიმართულებით წარმართავენ. დააკვირდით, რა კარგად არის გათვლილი ყველაფერი და მორგებულია ნახევრად განათლებული ობივატელის ფსიქიკას: შემსრულებელი _ მღვდელი, მიზანი _ მაღალი რანგის სასულიერო პირის ლიკვიდაცია; ეჭვმიტანილი თავის სამოღვაწეო სივრცეში ტრიალებს, სხვაგან ხელი არ მიუწვდება და არც უნდა იყოს დაინტერესებული. ობივატელი, საკუთარი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, ასკვნის, რომ ბოროტი ჩანაფიქრის “ადრესატი” ეკლესიის უმაღლესი იერარქი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უნდა იყოს. ამაზე პირდაპირ არავინ საუბრობს, მაგრამ ობივატელის მსოფლგაგება ჩვენს საზოგადოებრივ აზრში დომინირებს. რატომ? ამაზე სხვა დროს! ახლა კი ამ დასკვნაში ადამიანების მასას განამტკიცებს და არწმუნებს მედიის ისეთი საშუალებების არნახული გააქტიურება, რომლებიც უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მოწიწებული დამოკიდებულებით არ გამოირჩეოდა. არასოდეს! ამასთან ერთად, მთავარ “დამრტყმელ ძალად” ეკრანზე ჩნდებიან ისეთი პირები, უწინარესად, იმავე ეკლესიის წიაღში მოღვაწენი, რომლებიც ნაცმოძრაობის ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების მოძღვრები არიან, ან მონასტრის კედლებს მიღმა დარჩენილი მონაზვნები, რომელთა ეკლესიური მოღვაწეობა დიდ ნდობას არ იმსახურებს. ნაცმოძრაობა თავის უპირველეს და ყველაზე უფრო საშიშ მტრად კათოლიკოს-პატრიარქს მიიჩნევდა და უგვანო ხერხებით ცდილობდა მის დაკნინებას, სხვაზე არაფერი რომ არ ვთქვათ. “ციანიდის საქმე” იმიტომ ხომ არ შემოაგდეს, რომ დაფარონ უფრო დიდი მავნებლობა, ის დიდი ცოდვა და ბოროტმოქმედება, რომელიც მათ კისერზეა? ეგებ, “მატროსოვის” საპყრობილეში მოთავსებულმა მამა გიორგი მამალაძემ ისეთი რამ იცის, რომლითაც გამჟღავნდება ჭეშმარიტება? ამიტომ ხომ არ დგებიან ყურებზე ნაცები და ცდილობენ მის გათავისუფლებას? მაგრამ თუ ასეა, მაშინ ვინ იძლევა გარანტიას, რომ გათავისუფლებული მღვდელმსახური ლიკვიდირებული არ იქნება?

არმაზ სანებლიძე

წყარო:http://www.geworld.ge/NEW/?page=view&art=9917

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61