თანამოაზრეებთან ერთად ჩავალ სამეგრელოში და გალიდან ფოთამდე რკინიგზას საკუთარი ხელით გავანადგურებ - ირაკლი ღლონტი აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ღალატად მიიჩნევს

ორშაბათი, 27 თებერვალი, 2017 - 14:22

პოლიტიკური პარტია „რეფორმატორები’’- ს თავმჯდომარის ირაკლი ღლონტის შეფასებით, აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მსჯელობაც კი კოლაბორაციულია და იგი ქართული სახელმწიფოს ინტერესების ღალატია. ღლონტი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელ საფრთხეს ყველა დასავლური ტიპის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა დაუპირისპიროს ერთიანი ძალისხმევა.

"აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მსჯელობაც კი კოლაბორაციულია. იგი დაუშვებელია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მას ყველა დასავლური ტიპის პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი ძალისხმევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციას, აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რაც თავის მხრივ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატია. რკინიგზის გახსნის შემთხვევაში ერთი ათად გაიზრდება რუსული სამხედრო ინტერვენციის რისკები. ამ შემთხვევაში რუსეთი სომხეთში განლაგებულ ჯარებს თავისუფლად მოამარაგებს იარაღით, რაც თავისთავად გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას აზერბაიჯანის მხრიდან.

ქართული სახელმწიფოსთვის გარდა პოლიტიკური მნიშვნელობისა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ეს პროექტი იქნება მარცხის ტოლფასი. დღეს კავკასიური და აზიური ტვირთები თავს იყრის ქართულ პორტებში, რადგან რკინიგზა სრულდება აქ. თუ რკინიგზა აღდგება ტვირთები გადაინაცვლებს რუსეთის პორტებში, იგივე ნოვოროსისკის პორტში, რომელსაც სულ ახლახან გაუკეთდა მოდერნიზება და გაზრდილია ტვირთების მიღების მოცულობა. რეალურად სასომხეთი მთლიანად გადაერთვება რუსულ პორტებზე და ის არგუმენტი, რომ ჩვენ უფრო ხელსაყრელ პირობებს შევთავაზებთ, ეს არ და ვერ იმუშავებს, რადგან სომხეთს ეს ექნება დირექტივის სახით მიცემული, ასევეა ყაზახეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი. რეგიონალური თვალსაზრისით, რკინიგზის გახსნა დიამეტრალურად ცვლის ქართული სახელმწიფოს უპირატესობას კავკასიის რეგიონში. დღეს საქართველოზე გადის სასიცოცხლო არტერია, ხოლო აფხაზეთის მხრიდან რკინიგზის აღდგენა, საქართველოს, როგორც რეგიონის მთავარ მოთამაშეს ამ სეგმენტში მთლიანად ამოაგდებს. 

დიახ, აფხაზეთი საქართველოა და ქართული სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მის განვითარებას და წინსვლას, თუმცა მას შემდეგ, რაც კვლავ დავუბრუნდებით ერთიანობას და იქნებიან საქართველოს შემადგენლობაში. და თუ ხელისუფლება დაუშვებს ამ საკითხზე საუბარს, მით უფრო მოლაპარაკების წარმოებას რკინიგზის აღდგენის მიზნით, მე, როგორც რიგითი მოქალაქე საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ჩავალ სამეგრელოში და გალიდან ფოთამდე არსებულ რკინიგზას საკუთარი ხელით გავანადგურებ. ‘’ - ნათქვამია ირაკლი ღლონტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43