გახდი პოლიტიკოსი და დაიცავი ადამიანის უფლები კანონით! - პარლამენტმა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა

შაბათი, 25 თებერვალი, 2017 - 16:31

„გახდი პოლიტიკოსი და დაიცავი ადამიანის უფლები კანონით!“ - საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა. პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა ერთობლივად განახორციელეს და იგი მიზნად ისახავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში. ეს კი, პროექტის ინიციატორთა აზრით, თავის მხრივ ხელს შეუწყობს საპარლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

ამ პროექტით, ახალგაზრდებს ეძლევათ უნიკალური შანსი პარლამენტში განსახილველად გაიტანონ თავიანთი იდეები და აქტიურად ჩაერთონ ყველა იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და რომლის მოგვარებაც საკანონმდებლო რეგულაციას საჭიროებს.

პოლიტიკით, საჯარო მმართველობითა და სამართლით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა, სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ, შეიმუშავეს კანონპროექტები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის მონაწილეობით, საქართველოს მასშტაბით მოხდა აბიტურიენტების შერჩევა, მათი მომზადება დებატების ხელოვნებაში, ფრაქციების მიერ შერჩეული კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენის ტექნიკაში და ა.შ.

შიდა შერჩევების შედეგად გამოვლენილი შვიდი ფრაქცია დღეს პარლამენტში იმიტირებულ პლენარულ სხდომაზე შეიკრიბა, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ფენის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი კანონპროექტები წარადგინეს. ახალგაზრდების მიერ შერჩეული თემები ეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს, გენდერული თანასწორობის კვოტების დაცვას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური განათლების მიცემის შესაძლებლობებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და სხვა, ყველა იმ საკითხს, რომელიც ადამიანის უფლების დაცვას ეხება.

როგორც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ანა ფირცხალაშვილმა განაცხადა, ამ პროექტის იდეა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ თუკი მის ფარგლებში შექმნილი კანონპროექტის იდეა იქნება რელევანტური, გონივრული, და მისი დარეგულირება საკანონმდებლო გზით შეიძლება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მიიღებს მას, როგორც საკანონმდებლო წინადადებას, აქცევს მას საკანონმდებლო ინიციატივად და წარადგენს პარლამენტში განსახილველად.

მისივე თქმით, ეს იქნება უნიკალური შანსი ყველა აბიტურიენტისათვის, მოახდინოს რეალური ზეგავლენა საკანონმდებლო პროცესზე, უშუალოდ ჩაერთოს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის განხორციელებაში და, რაც მთავარია, შეიტანოს თავისი წვლილი ადამიანის უფლებათა დაცვაში.

ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა გამარჯვებული ფრაქცია „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“, რომლის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი გამოსაცდელი ვადით აყვანილთა შრომითი უფლებების დაცვას ისახავდა მიზნად.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, ყველა პრეზენტაცია საინტერესო იყო, მაგრამ იდეა, რომლის განხორციელებაც შეიძლება ამ ეტაპზე, მათ შორის პარლამენტში, სწორედ გამარჯვებულებს ეკუთვნის. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში და, მით უმეტეს, პარლამენტის საქმიანობაში, რომელიც არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოში.

„სწორედ ახალგაზრდების ადრეული ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღევანდელი დღისთვის, ძალიან კარგი იდეები მოვისმინეთ. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან ჩვენი მომავალი. ვისურვებდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც კარგ განათლებას მიიღებთ საქართელოში და მის ფარგლებს გარეთ, უკვე გიხილოთ ამ ტრიბუნასთან, იმიტომ, რომ ასე უნდა გაგრძელდეს - კარგი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, იმისთვის, რომ მთლიანდ ჩვენი შვილების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ და წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42