გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 18:16

გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დაესწრნენ. 

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მიმართეს.

„მინდა პატივი მივაგო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდა და ვინც მომავალში დაიცავს. ამ ადამიანებს ძალიან პატარა, მაგრამ მართლაც დიდი ქვეყნის ისტორიის დასაცავად უთანასწორო ბრძოლაში მოუწიათ ჩართვა. ისინი ხშირად ბევრად ძლიერ მტერს უპირისპირდებოდნენ, თუმცა სწორედ მათი საშუალებით ჩვენ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებდით საუკუნეების განმავლობაში და მომავალშიც გავიმარჯვებთ. დიდება იმ წინაპრებს, ვინც ჩვენამდე მოიყვანა ეს ქვეყანა და მადლობა იმ ადამიანებს, ვის მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის დაცვა. მტერი ჩვენზე ვერ გაიმარჯვებს და ამის ნიშანია თუნდაც დღეს, ჩვენი აქ ყონფა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის არსებობა და ის ადამიანები, ვინც ამ სასწავლებელში იზრდებიან ჩვენი ქვეყნის დასაცავად“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და ყურადღება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მისია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რისთვისაც დაუღალავი შრომაა საჭირო.

„დღეს, ამ მემორიალის გახსნით ვაძლიერებთ ჩვენს მოგონებას იმ თავდადებული გმირების წინაშე, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ამ გმირებმა გვაჩვენეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა სამშობლო და ამ მაგალითს გვიჩვენებენ ოფიცრები თავიანთი ბრძოლით, შემართებით და პროფესიონალიზმით. ჩვენ დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენი მთავარი მისია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ მისიის შესასრულებლად მუდმივ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ. თავდაცვის უწყება, რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავარსარდალთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის იყოს, რადგან ჩვენი თავისუფლების დაცვის ხარისხი მტრის შეტევის თავიდან ასაცილებლად სწორედ ჩვენს მდგრადობაში, თავდაცვისუნარიანობაში და სამხედრო მზადყოფნაშია. ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უმნიშვნელოვანეს პროგრამას, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას ვიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ენერგიის განმტკიცების საქმეში. ასევე, მინდა სიმაყით აღვნიშნო, რომ ნატო- საქართველოს კომისიის ფარგლებში მოვისმინე სიტყვები, რომლებიც პირველ რიგში ჩვენ ბიჭებს, ჩვენს გმირებს უკავშირდება და ეს არის სიტყვები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მოწინავეს, პროფესიონალს, სანდრო პარტნიორს და გაბედულს ხდის ზოგადსაკაცობრიო და თავისუფლების განმტკიცების საქმეში“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ღონისძიება 1919-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენენ. ბრძოლაში სხვადასხვა დროს ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლის იუნკრები მონაწილეობდნენ. დაღუპულ გმირებს შორის, დანარჩენ გმირებთან ერთად 22 წლის იუნკერი შალვა ერისთავი და ბრძოლაში მოხალისედ წასული პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო მაყაშვილი იყო.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43