პირველად ქართულ მედიასივრცეში, „ჯეონიუსის“ ექსკლუზივი - ვინ არიან უიგურები, რატომ ხდებიან ისინი ტერორისტები და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები

პარასკევი, 24 თებერვალი, 2017 - 17:51

 „ჯეონიუსის“ კორესპონდენტს დავით ბარბაქაძეს სტამბულში “აღმოსავლეთ თურქისტანის განათლებისა და სოლიდარობის ასოციაციის” გენერალური მდივანი აბდულაჰად აბდურაჰმანი უიგურების შესახებ ესაუბრა, რომლებიც ისტორიულად აღმოსავლეთ თურქისტანის ტერიტორიაზე იყვნენ დასახლებულები, შემდეგ კი ჩინეთში, სინძიანის უიგურთა ავტონომიურ ოლქში აღმოჩნდნენ.

აბდულაჰად აბდურაჰმანი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ჩინეთში მცხოვრებ, საზოგადოებიდან გარიყული უიგურების საკუთარი ტერიტორიების დატოვების შემდეგ ჩნდება. კერძოდ, მიტოვებულ ლტოლვილებად ქცეული უიგურები სირიასა და ერაყში თავიანთი თავის რეალიზაციას ახდენენ და ისინი ტერორისტები ხდებიან.

აღმოსავლეთ თურქისტანის განათლებისა და სოლიდარობის ასოციაცია 2006 წელს დაარსდა. იგი მთელი მსოფლიოდან, კარგად მომზადებულმა და ისლამის ერთგულმა, სოციალურ, ტექნიკურ და სხვა სფეროებში უაღრესად განათლებულმა უიგურმა ახალგაზრდებმა დაარსეს, მათ შორის, აღმოსავლეთ თურქისტანიდან. ასოციაცია მიზნად ისახავს აღმოსავლეთ თურქისტანის (სინძიანი-უიგურების ავტონომიური ოლქი) მთელ ტერიტორიაზე და მის გარეთ დახმარება გაუწიოს ყველა უიგურს. აღმოფხვრას ნებისმიერი ზეწოლა და მოიპოვოს მეტი უფლება ჩინეთის მიწაზე. შექმნას უფრო განათლებული და საღი აზრის მქონე საზოგადოება აღმოსავლეთ თურქისტანის განვითარებისა და უკეთესი მომავლისთვის, რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ასპექტებში.

ორგანიზაცია მატერიალურ და სულიერ დახმარებას უწევს მსურველებს. მხარს უჭერს მოსწავლე ახალგაზრდობას და ეხმარება მათ, იქნება ეს სტიპენდია სტუდენტებისთვის თუ წიგნები ბავშვებისათვის. ეწყობა სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, სემინარები, გაკვეთილები, ექსკურსიები. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ყურანის გაძლიერებულ შესწავლაზე. ორგანიზაციის წევრები ასევე ავრცელებენ სხვადასხვა სახის აუდიო და ვიდეო მასალას.

ორგანიზაცია განლაგებულია ქალაქ სტამბულში. აქვს სამი ოფისი სხვადასხვა რაიონებში. ორგანიზაციის პრეზიდენტია ჰიდაეთულა ოღუზანი.

- როგორ ფიქრობთ, ჩინეთში, სინძიანის უიგურთა ავტონომიურ ოლქში, უიგურთა ავტონომია რეალურია?

- ავტონომია, რა თქმა უნდა, რეალური არ არის. ამ ტერიტორიას 1955 წლამდე ერქვა აღმოსავლეთ თურქისტანი. 1955 წელს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მას სახელი დაერქვა „სინძიანის უიგურთა ავტონომიური ოლქი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მხარე დაჟინებით მოითხოვდა აღნიშნულ ტერიტორიას დარქმეოდა „სინძიანის ავტონომიური ოლქი“. ავტონომიის სტატუსის მინიჭებასთან ერთად პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა ასევე უიგურულ ენასა და დამწერლობას. მაგალითად ოლქში განთავსებული წარწერები შესრულებული უნდა ყოფილიყო ჯერ უიგურულ და შემდეგ ჩინურ ენაზე, თუმცა, არაფერი შეცვლილა და რეალურად ავტონომია დარჩა მხოლოდ ქაღალდზე.

- რა წარმოადგენს უიგურების ძირითად პრობლემას?

- ძირითადი პრობლემა არის უიგური ხალხის, როგორც ეთნოსის, გაქრობის საშიშროება, ანუ ასიმილაციის პოლიტიკა ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან, ჩინელების მასობრივი ჩასახლება აღნიშნულ რეგიონში. მაგალითისთვის, 1949 წელს კომუნისტური წყობის პერიოდში ჩინელების რაოდენობა ოლქში შეადგენდა 3%. დღესდღეობით უიგურთა რაოდენობა 30-40 მილიონია (მათ შორის ყაზახები, უზბეკები და სხვ.), ჩინელები მათ უკვე რიცხობრივად უტოლდება. ჩინეთის სახელმწიფოს ძირითადი პოლიტიკა არის უიგური ხალხის გაჩინელება და საერთოდ გაქრობა ჩინეთის ტერიტორიიდან. ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ავტონომიის პირველი დებულება უგულებელყოფილია.

- თქვენ როგორ ხედავთ უიგურთა პრობლემის გადაწყვეტას?

- ჩინეთი დღესდღეობით ძლიერი სახელმწიფოა და აღმავლობის გზით მიდის, მაგრამ აღმასვლას ყოველთვის მოსდევს დაღმასვლა, კანონზომიერება ასეთია. სწორედ ამ შესუსტებით უნდა ისარგებლონ მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა, პოლიტიკოსებმა, ავტორიტეტებმა, უიგურთა დიასპორის წარმომადგენლებმა მოახდინონ ჩინეთზე ზეწოლა, აუხსნან და აიძულონ ჩინეთი დაიცვას ადამიანის უფლებები, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი. ეს იქნება საწყისი უიგურთა პრობლემის გადაწყვეტისა. თუმცა აღმოსავლეთ თურქისტანის მთავარი მიზანი არის დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა არის სლოგანი და რა დონით განხორციელდება, დღესდღეობით ძნელი სათქმელია. შორეულ მომავალში ეს პრობლემები თუ გაგრძელდება და თუ უიგურული დიასპორის წარმომადგენლები შეძლებენ უიგური ხალხის და სახელმწიფო სტრუქტურებში ჩართული პირების მობილიზებას, ამ შემთხვევაში უიგურების პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდება, მაგრამ საბოლოო ჯამში სრული დამოუკიდებლობის მოპოვება რამდენად განხორციელდება, ამის თქმა არ შემიძლია.

- რა არის თქვენი ორგანიზაციის მიზანი?

- ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის ხალხის მობილიზება, გაერთიანება. 1956 წლიდან 1977 წლამდე ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა კულტურის სფეროში მოღვაწე და განათლებულ ადამიანებზე. ბევრი მათგანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და წასულიყო ლტოლვილად საზღვარგარეთ. ამის შედეგად უიგური მოსახლეობა დარჩა დაუცველი და ცოდნის გარეშე. უიგურების უფლებების დაცვა, მათში ცოდნის გავრცელების და თვითშეგნების გააზრება უნდა იყოს განათლებული და მცოდნე ადამიანების მიზანი და ამ მიზანს ვემსახურებით ჩვენ. სწორედ განათლებულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ დავაში და გაითავისონ ის მიზანი, რამაც უნდა მოგვიტანოს დამოუკიდებლობა. მთელ მსოფლიოში გადახვეწილი ადამიანების (მხედველობაშია უიგურები) მათი ვინაობის, თვითშეგნების, უიგურული წარმოშობის, ადათ-წესის და კულტურის დაცვას ემსახურება ჩვენი ორგანიზაცია. უიგურები მიმოფანტულები არიან თითქმის მთელ მსოფლიოში და მიჰყვებიან ადგილობრივი ცხოვრების დინებას. მაგალითად, თურქეთში მათი ანალოგიური „გათურქება“ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოშობით თურქები არიან, მიჰყვებიან თურქულ ადათ-წესებს და უიგურული წარმოშობა ავიწყდებათ. ჩვენი მიზანია, მათი უიგურული წარმოშობა, კულტურა და ადათ-წესი შენარჩუნებულ იქნას და არ მიეცეს დავიწყებას.

- უიგურების პრობლემის გადაუწყვეტელობის შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, რომ ბრძოლამ რადიკალური ხასიათი მიიღოს?

- მთელ მსოფლიოში ასეა, პრობლემა როცა არის, იქ რადიკალიზმიც თავს იჩენს. აღმოსავლეთ თურქისტანში ჩინეთის ზეწოლის მომატებისთანავე რადიკალიზმიც, რა თქმა უნდა, გაჩნდება. რადიკალიზმმა ჩვენთანაც მოაღწია და ჩვენ წინააღმდეგაც გაილაშქრეს. ეს ყოველივე მიმდინარე პროცესების შედეგია. ამ ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალება რომ მისცემოდა, მათი უფლებები დაცული რომ ყოფილიყო, ისინი ასეთ გზას არ აირჩევდნენ. თურქეთში ჩამომსვლელ უიგურებს თუ მიეცემათ მოქალაქეობა, გაუუმჯობესდებათ ცხოვრების პირობები, ისინი თავიანთ ცხოვრებას გააგრძელებენ და სხვის მიმართ არ გაუჩნდებათ ძალადობის სურვილი. აღმოსავლეთ თურქისტანში თუ გაგრძელდა ძალადობრივი ქმედებები უიგურების მიმართ, რასაკვირველია, რადიკალიზმსაც ექნება ადგილი. დღესდღეობით სირიასა და ერაყში მებრძოლ ელემენტებს ის ხალხი წარმოადგენს, რომლებიც თავის ქვეყანაში საზოგადოებიდან გარიყულები და კუთხეში მიმწყვდეულნი აღმოჩნდნენ და აქ იპოვეს თავისი ადგილი. ანალოგიურად, აღმოსავლეთ თურქისტანში ციხეგამოვლილი და გაბოროტებული ადამიანები იყრიან თავს და ადგებიან რადიკალურ გზას. ერთხელ მოვედით ამ ქვეყანაზე და სათანადოდ უნდა ვიცხოვროთ - ცხადია, ეს გზა მცდარია.

- როგორია დღევანდელი თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკა უიგურთა პრობლემის მიმართ...

- ჩვენ თურქეთს ვუყურებთ, როგორც უფროს ძმას, როგორც უიგური ხალხის გვერდში მდგომს და დამცველს. ყველაფერი, რაც ხდება აღმოსავლეთ თურქისტანში, ხორციელდება თურქეთის ეგიდით. თურქეთში მცხოვრებ უიგურებსაც ძალიან უყვართ თურქები, განსაკუთრებით რეჯეფ თაიფ ერდოღანი. აქვე დავძენ, ჩვენ, როგორც წამომადგენლობა, თურქეთის ხელისუფლების ყველა ნაბიჯს არ ვეთანხმებით. ჩინეთის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, ერთობლივი ხელშეკრულებების გაფორმება, ვაჭრობა შესაძლებელია, მაგრამ ადამიანის უფლებების შელახვის ხარჯზე ეს დაუშვებელია. გამომდინარე აქედან, თურქეთის მხრიდან ეს პირობა მოლაპარაკებებისას უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ თურქეთი ამას გვერდს უვლის. ბევრი ჩვენი თანამოძმე დაკავებულია. სირიიდან ლტოლვილების რაოდენობა დაახლოებით 3 მილიონია, აღმოსავლეთ თურქისტანიდან ლტოლვილების რაოდენობა დაახლოებით 150000-ის ფარგლებშია, მათი უფლებები ცხადია თანაბარია, მაგრამ უიგურები ამ უფლებით ვერ სარგებლობენ. გვაქვს პრობლემები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში, საავადმყოფოებში მიმართვა შეუძლებელია პირადობის დამადასტურებელი საბუთის უქონლობის გამო და ა.შ.

თურქეთის სახელმწიფოს ძირითად პოლიტიკურ მიმართულებას ვეთანხმებით და მხარს ვუჭერთ, მაგრამ აღმოსავლეთ თურქისტანის მიმართ პოლიტიკა უფრო დახვეწილი და მიზანმიმართული უნდა იყოს. დღესდღეობით ამ მიმართულებაში ბზარი გაჩნდა. უიგურების „გაჩინელების“ საკითხი არ განიხილება, თურქეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ჩინეთთან მოლაპარაკებების შესახებ საქმის კურსში არ გვაყენებს, ჩვენგან ინფორმაციას არ იღებს, ჩვენს ორგანიზაციებთან მუშაობა არ წარმოებს. გამომდინარე აქედან მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყოველ მაღალი დონის შეხვედრაზე ჩინეთთან, ველოდებით ჩვენი საკითხის დაყენებას, სულ მოლოდინის რეჟიმში ვართ. თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ.

- რა დახმარებას უწევს თურქეთის სახელმწიფო უიგურ ლტოლვილებს?

- მალაიზიაში გაქცეული 10 000 უიგური, რომელთა უკან დაბრუნებასაც ჩინეთი ითხოვდა, თურქეთის სახელმწიფომ თურქეთში ჩამოიყვანა, დროებითი ცხოვრების უფლება მისცა, თუმცა შემდეგ მათზე აღარ უზრუნია. მარტო მათი ჩამოყვანა თურქეთში და „მიდით, იცხოვრეთ“, პრობლემას არ აგვარებს. საჭიროა მათი რეაბილიტაცია, დასაქმება, განათლების საკითხების მოგვარება, სოციალურ საკითხებში ჩაბმა, საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა და ა.შ. ამის შემდეგ ამ ხალხს ექნება საშუალება აირჩიოს საკუთარი გზა. მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მოცემა ჩვენთვის საკმარისი არ არის. უიგურების მეორე სამშობლო თურქეთია, სხვაგან მათ წასასვლელი არ გააჩნიათ. თურქეთში ისინი დიდი იმედებით ჩამოვიდნენ და, სამწუხაროდ, გზის გასაყარზე დარჩნენ. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, მათი პრობლემების მოგვარებით ვართ დაკავებული. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებიც უსაზღვრო არ არის და შეზღუდულია. ყოველი ადამიანის გვერდში დგომა შეუძლებელია. გამომდინარე აქედან, თურქეთის სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ სხვა მიუღებელი (რადიკალური) გზა. აუცილებლად გამოჩნდებიან ე.წ. „კეთილშობილი“ ადამიანები, რომლებიც მათ შესთავაზებენ ფულს, უკეთეს ცხოვრებას და ა.შ. როგორც წესი, ესენი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები და შემდგომში უკან ითხოვენ გარკვეულ წილად „ვალის“ დაბრუნებას, რამდენადაც ტყუილად არავინ არაფერს გაძლევს.

- დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია უიგურების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა ჩინეთის ტერიტორიაზე?

- რა თქმა უნდა, დღეისათვის ეს არარეალურია, რამდენადაც უიგურების იქ დარჩენაა აუცილებელი, ან უცხოეთიდან მათი უკან დაბრუნება და მოღვაწეობა თვითონ სახელმწიფოს შიგნით, რადგან გარედან მითითებით, თუ შიგნით მოძრაობა არ ხდება, შეუძლებელია საერთოდ რამის მიღწევა. მაგალითად ავიღოთ პალესტინა, მისი ორგანიზაციები მოდებულია მთელ მსოფლიოში, მიმდინარეობს უწყვეტი მოლაპარაკებები, თუმცა დამოუკიდებლობა ისეთივე შორი პერსპექტივაა, როგორც აქამდე იყო, არანაირ წინსვლას ადგილი არ აქვს. ამიტომ აღმოსავლეთ თურქისტანის მიტოვება და სხვა სახელმწიფოებში გადახვეწა მიუღებლია და ჩვენ ეს არ გვინდა. მაგრამ ჩინეთი, როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი მხრივ ასიმილაციის პოლიტიკას, „გაჩინელებას“ და, მეორე მხრივ, უიგურების იძულებით აყრას მიმართავს, რათა დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. 2013-2014 წლებში 10 000-ზე მეტმა უიგურმა ყოველგვარი საბუთების გარეშე, გაქცევით დატოვა ჩინეთი და გადავიდა ტაილანდში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ასეთი ძლიერი და საზღვარდაცული სახელმწიფოდან ამ რაოდენობის ხალხი გაიქცეს ყოველგვარი საბუთის გარეშე. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ჩინეთის ხელისუფლება, ეუბნება რა მათ: თქვენ წადით, აქაურობა მე დამრჩება... ჩვენს უიგურებს ეს არ ესმით, ჩვენ კიდევ ეს არ გვინდა. ჩვენი სურვილია, რომ უიგურები დარჩნენ ადგილზე, თავიანთი მიწა-წყლის მფლობელებად. შიგნიდან მოქმედებით დამოუკიდებლობა უფრო ადვილად მისაღწევია, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. აგრეთვე იარაღის გამოყენებითა და ომის გზით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მოლაპარაკების მაგიდასთან კონსესუსის მიღწევით, მტკიცებულებებით არის შესაძლებელი. თუ ეს ყველაფერი არ განხორციელდა, დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43