საპარლამენტო დელეგაციამ ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრები გამართა

სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017 - 15:57

 20-21 თებერვალს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. მათ შორის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პაოლო ალისასთან და გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ჯეიმს აპატურაისთან, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაჩან ილდემთან, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებსა და ალიანსში გერმანიის, ლიტვის, თურქეთის მუდმივ წარმომადგენლებთან და აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან.

ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.

შეხვედრებზე ყურადღება 2017 წლის 26-29 მაისს, საქართველოში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობას და ამ მაღალი დონის ღონისძიებისთვის მზადების პროცესზე გამახვილდა.

ალიანსისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს ასამბლეის სამომავლო პრიორიტეტებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დემოკრატიული გარდაქმნების მხრივ საქართველო ლიდერია.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალ სტანდარტზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და რეფორმებზე, ასევე, საზოგადოების მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მაღალ მხარდაჭერაზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრებისას ხაზი გაუსვეს, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია და შესაბამისად, ქართული მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ პროცესში შემდგომი წინსვლის მისაღწევად. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ყველა პრაქტიკული მექანიზმის, ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან გამოყენებას ალიანსის წევრობისთვის მზადების პროცესში. ცალკე აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატო-ში მიმდინარე დისკუსიებსა და კონკრეტულ აქტივობებში საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ალიანსისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. მათ ხაზი გაუსვეს ალიანსის მზაობას პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მზადების პროცესში.

ნატო-ს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში, კერძოდ, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვეს ალიანსის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

“საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი და არჩევანი მტკიცეა, რასაც საზოგადოებრივი აზრი, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და გადაწყვეტილებები ადასტურებს. საქართველო არის საიმედო მოკავშირე როგორც დემოკრატიული პრინციპების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით”, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ.

ქართველი პარლამენტარების ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა კონსულტაციები ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობაში. ქართული მხარის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ნატო-ში აშშ-ის მისიის მიერ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაში, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტარები მონაწილეობდნენ. ბრიუსელში გამართული შეხვედრები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ შეაფასა.

„ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო ვიზიტი შედგა. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატო-სა და საქართველოს შორის არსებული ინტენსიური პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ არაერთ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმები. ასევე, ვისაუბრეთ თბილისში დაგეგმილ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების კუთხით“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის მხრიდან არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია, სერგი კაპანაძე, ბექა ოდიშარია, გიორგი კანდელაკი და ცოტნე ზურაბიანი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51