პროკურატურა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 16 თებერვალი, 2017 - 18:12

მთავარი პროკურატურა  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"დღეს მედიასაშუალებებში დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების გარკვეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, რომელთა შესახებ გამოძიების ინტერესებიდან და საქმესთან დაკავშირებულ პირთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს. ასევე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე ვერც იმას დააკონკრეტებს, თუ ვისი მკვლელობის მომზადება ედება ბრალად ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

პროკურატურა საქმის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს აცნობიერებს, თუმცა შესაძლო მსხვერპლთა ვინაობის შესახებ ან ვერსიებზე, რომლებზეც გამოძიება მუშაობს, ხსენებული ინტერესების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

შესაბამისად გთხოვთ იხელმძღვანელოთ პროკურატურის მიერ 13 თებერვალს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით. ვერსიების გადამოწმების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. მას შემდეგ, რაც დასრულდება სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ასევე მოიხსნება გამოძიებისთვის საინტერესო პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს.

ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, ჩატარებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბრალდებულისგან და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და სხვა ნივთები, რომლებზეც დანიშნულია სათანადო ექსპერტიზა", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46