სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები - არჩილ თალაკვაძე

სამშაბათი, 14 თებერვალი, 2017 - 11:49

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

თალაკვაძის განცხადებით, სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები და უნდა ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება.

„დღეს, როდესაც უკვე სახეზეა გვარამია-ახვლედიანის სავარაუდო კორუფციული გარიგების მატერიალური მტკიცებულებები, საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და ბრალეული პირების გამოსავლენად ჩაატაროს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. სასამართლო უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან. ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არის იმის წინაპირობა და გარანტია, რომ ჩვენი საზოგადოება მომავალში, კორუფციული გარიგებების მოწმე აღარ გახდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბრიფინგზე გვარამია-ახვლედიანის ფარული აუდიო ჩანაწერის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მტკიცებით ჩანაწერი დამონტაჟებული იყო.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ახვლედიანს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც თვითონ გვარამიამ ჩაიწერა ფარულად და რომლის დროსაც, ეს უკანასკნელი, სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს სკანდალით გადადგომის სანაცვლოდ მილიონებს სთავაზობდა ქრთამის სახით. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ გვარამია ნაწილობრივ აღიარებდა ჩანაწერის ავთენტურობას, მხოლოდ ამტკიცებდა, რომ ეს ჩანაწერი დამონტაჟებული იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დასკვნის თანახმად, სადაც დასტურდება, რომ ჩანაწერი ავთენტური და დაუმონტაჟებელია, იკვეთება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნიკა გვარამია უხეშად ერეოდა სასამართლოს საქმიანობაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მას შემდეგ რა შეკითხვებს პასუხები გაეცა ნაციონალურ მოძრაობამ და ნიკა გვარამიამ დაგეგმეს და განახორციელეს საჯარო პროვოკაციები. „და სწორედ ახლა, როცა შეკითხვებს გაეცა დამაჯერებელი პასუხი, ნათელი ხდება ამ პოლიტიკური ისტერიის რეალური მიზეზებიც, რასაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ცხადია, რომ მას შემდეგ, რაც გახმაურდა „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ალავიძისა და ქათამაძის საქმეებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლისა და მათი მოსყიდვის მცდელობის ფაქტები, ნაციონალურ მოძრაობას და ნიკა გვარამიას, სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა, დაეგეგმათ და პოლიტიკურ სატელიტებთან ერთად განეხორციელებინათ საჯარო პროვოკაციების სერია უზენაეს სასამართლოსთან და მერიასთან. მანამდე კი, ეწარმოებინათ ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეების მიმართ, რომლებზეც ზეგავლენა სავარაუდოდ ვერ მოახდინეს თვითონ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმედი გამოთქვა, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული აქვს თუ არ ადგილი მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების ლეგალიზაციას.

„იმედი მაქვს, რომ სწრაფად იქნება გამოძიებული, აქვს თუ არ ადგილი რეალურად მოსამართლე ახვლედიანის მხრიდან უკანონოდ მიღებული მილიონიანი ქონების „უტიფარი“ ლეგალიზაციის შემთხვევას ვინაიდან, თანხები, რომელიც მის განკარგულებაში იყო, მოსამართლის 120 წლის ჯამური ხელფასია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კორუფციისგან და პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59