ირმა ინაშვილი კულტურის მინისტრს მიმართავს

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017 - 17:56

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის ბრიფინგი

დაუბრუნდეს ხელოვნების მუზეუმს 2004 წელს წართმეული დამოუკიდებელი სტატუსი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესანარჩუნებლად სათანადო საგამოძიებო და სპეციალურმა უწყებებმა იმოქმედონ აქტიურად, - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს მუზეუმებში შექმნილ ვითარებაზე და სამუზეუმო რეფორმის არაეფექტურობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ავტონომიურ რეჟიმში საქმიანობისას, საქართველოს მუზეუმები სრულფასოვნად ახერხებდნენ ექსპონატების, ფონდებისა და საგანძურის დაცვას. რეფორმის შედეგად კი, რაც მუზეუმების გაერთიანებას გულისხმობს, არაერთი საფრთხე გაჩნდა.

„რეფორმა, რომელიც სამუზეუმო სფეროში ხორციელდება არის არაეფექტური. ძალიან საკამათო რეფორმაა და არავითარი პოზიტივი მას არ მოუტანია. ეს რეფორმა ითვალისწინებს საქართველოს მუზეუმების გაერთიანებას. იგი ჩვენი ეროვნული საგანძურის ექსპონატების, ჩვენი ფონდების დაცულობას ვერ უზრუნველყოფს,“- განაცხადა ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა.

ბრიფინგზე ყურადღება ექსპონატების გადაადგილების საკითხთან დაკავშირებულ საფრთხეებსაც დაეთმო.

„მე მინდა ყურადღება გავამახვილო ექსპონატების ე.წ. ევაკუაციის, ანუ გადაადგილების თემაზე. ჩვენ გვაქვს იფორმაცია, რომ ხელოვნების მუზეუმიდან, რემონტის ჩატარების მოტივით, ეროვნული საგანძურის ფონდების ექსპონატების გატანაა დაგეგმილი, სავარაუდოდ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, რაც უდიდეს რისკთან და საფრთხესთან არის დაკავშირებული,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული მუზეუმის შემოწმების შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ამ თემაზე საუბრობს აუდიტის სამსახური, როგორც კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური, ისე ზოგადად, აუდიტის სამსახური, რომელმაც დასკვნა 2013 წელს, კულტურის სამინისტროს შიდა აუდიტმა კი 2016 წელს დადო,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის განცხადებით, მან ეროვნულ მუზეუმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურას 2015 წელს მიმართა. იმ მოტივით, რომ გამოძიება დროში საკმაოდ გახანგრძლივდა, მან დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს მთავარ პროკურორს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა ქართულ მუზეუმებში შექმნილი ვითარება პირად კონტროლზე აიყვანოს და გამოძიების პროცესი დააჩქაროს.

ირმა ინაშვილმა სამუზეუმო სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად სამუშაო შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით კულტურის მინისტრს მიმართა:

„დღეს, კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ კულტურის მინისტრს, გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიც“ მიიღებენ მონაწილეობას. მოიწვიონ სათანადო დარგის სპეციალისტები და პასუხისმგებელი პირები და მივიღოთ სრული და არგუმენტირებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება სამუზეუმო სფეროში,“- განაცხადა  ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46