ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პერიოდის საქმიანობა შეაჯამა

სამშაბათი, 07 თებერვალი, 2017 - 14:49

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2016 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდის საქმიანობა შეაჯამა და საზოგადოებას პარლამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

მისი განცხადებით, ჟურნალისტებთან მსგავსი შეხვედრები ყოველი სესიის დასრულების შემდეგ გაიმართება და პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა ტრადიციის სახეს მიიღებს.

„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ პარლამენტმა აქტიურად დაიწყო თავისი საპარლამენტო უფლებამოსილებების განხორციელება. პარლამენტს ჰქონდა ძალიან კარგი სტარტი და საშემოდგომო სესიაზე არასრული თვენახევრის განმავლობაში მან არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა პოლიტიკური ურთიერთობების ახალი ეტაპისთვის პოზიტიური საფუძვლის ჩაყრა შეძლო. მაშინ, როცა არჩევნების წინ ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო გვქონდა და პარლამენტი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე იდგა. ეს გამოწვევა მდგომარეობდა იმაში, რომ პარლამენტის შიგნით ჩვენ პოლიტიკური ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავით და რეალურად გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ პოზიტიური საფუძველი ჩაგვეყარა პარლამენტის შიგნით ურთიერთობების ჯანსაღ გარემოში განვითარებისათვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც კონსესუსის საფუძველზე იქნა მიღებული.

„ოპოზიციას პარლამენტში მთელი რიგი თანამდებობები აქვს განკუთვნილი, მათ შორის, ვიცე-სპიკერის თანამდებობები და ასევე თითოეულ კომიტეტში მოადგილის დონეზე ყველა საპარლამენტო პარტიაა წარმოდგენილი. ეს პოზიციები საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის სამართლიანად იქნა გადანაწილებული, რასაც აღნიშნავენ ჩვენი კოლეგებიც ოპოზიციური პარტიებიდან. პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ასევე საპარლამენტო დელეგაციებში სამართლიანად იქნა გადანაწილებული კვოტები. გარდა ამისა, ზოგადად შედგა სათანადო კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტს შორის, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას. ეს არის განსაკუთრებული გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური სისტემის და ამ კუთხით პარლამენტს განსაკუთრებული როლის შესრულება მართებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას ჟურნალისტებს კანონშემოქმედებითი საქმიანობის სტატისტიკაც გააცნო. მისი ინფორმაციით, საშემოდგომო სესიის განმავლობაში განხილული და მიღებული იქნა 7 საკანონმდებლო პაკეტი და 44 დამოუკიდებელი კანონი, პარლამენტმა ასევე 13 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება განახორციელა.

„განსაკუთრებით გამოვყოფ ორ ძირითად პაკეტს, რომელზეც პარლამენტს მუშაობა მოუწია. ეს იყო ეკონომიკური რეფორმის პაკეტი, რომელიც მიღებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად და ამ რეფორმის პაკეტის მიღებით მთავრობის მიერ წარმოდგენილი სწრაფი განვითარების გეგმის განხორციელება იქნა უზრუნველყოფილი. ასევე ცალკე გამოვყოფ ე. წ. „მესამე ტალღის“ კანონპროექტების პაკეტს, რომლის საფუძველზეც მართლმსაჯულების სისტემაში უპრეცედენტო რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას,“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, მართლმსაჯულების სისტემაში ვერცერთმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ გადადგა გაბედული ნაბიჯი და პირველად სწორედ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირობებში მიღებულ იქნა ისეთი კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საქმეები მოსამართლეებზე უკვე ელექტრონულად გადანაწილდება, რაც მართლმსაჯულების სისტემაში მანიპულირების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ განხორციელდა უპრეცედენტო რეფორმა და ეს რეფორმა ბოლომდე იქნება მიყვანილი მომდევნო სესიის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გასული საშემოდგომო სესიის საქმიანობის შეჯამებისას პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნასა და მის საქმიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ კომისია სწორი ფორმატით ჩამოყალიბდა, რაც მის ქმედით ფუნქციონირებას განაპირობებს.

„ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ წინა კომისიების მაგალითები, თუ როგორ მუშაობდა კომისიები და როგორ უჭირდათ, თუნდაც, კომისიის წევრთა შეკრება. დღეს ყველა ჩართული სუბიექტი აღიარებს იმას, რომ კომისია არის ძალიან ქმედითი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უპრეცენდენტოა თავისი ფუნქციების განხორციელებისას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს პროცესი შესაბამისი შედეგით დასრულდება და წლის ბოლომდე პარლამენტი საკონსტიტუციო რეფორმაზე დაასრულებს მუშაობას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კანონშემოქმედებით საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზეც ისაუბრა და ე.წ. „ღია პარლამენტის“ კონცეფციის განხორციელებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურად თანამშრომლობს და საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებში მათ ჩართულობას მიესალმება.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გასული სესიის განმავლობაში „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა და საზოგადოებას გასულ კვირას ევროპარლამენტის მიერ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.

„საგარეო პოლიტიკის შესახებ ჩვენ მივიღეთ რეზოლუცია, რაც იყო ერთერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გასული სესიის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პარლამენტს კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ დაეფიქსირებინა ის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ჩვენი მოსახლეობის მიერ არის არჩეული. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა მოსახლეობის მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ და სწორედ ეს კურსია კიდევ ერთხელ დაფიქსირებული საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში. აქვე მინდა მოგილოცოთ ის მიღწეული შედეგი, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციასთან არის დაკავშირებული. ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში პარლამენტმა თავისი წვლილი შეიტანა და კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, განსაკუთრებით, მთავრობას, რომელმაც ამ შედეგის მიღწევა უზრუნველყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბრიფინგის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციურ გაძლიერების და საზედამხედველო ფუნქციების თემასაც შეეხო.

„პარლამენტს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: ეს არის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქცია და ორივე მიმართულებით პარლამენტის შესაძლებლობები ტრადიციულად საკმაოდ სუსტია. ჩვენ ასეთი ვითარება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. შესაბამისად, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა ჩვენთვის პარლამენტის ინსტიტიციური გაძლიერება და პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაა. ამ მიმართულებით, უნდა გაკეთდეს ძალიან ბევრი რამ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ გვყავს ახალი, თვისობრივად გაძლიერებული გუნდი და ამ გუნდის პირობებში შესაძლებელია პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე ზრუნვა და შესაბამისი რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, მათ შორის, აუცილებელია პარლამენტის აპარატის რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით, მუშაობა უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა პარლამენტის თვამჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

უწმინდესი ახლა უფრო დიდ განსაცდელშია, ვიდრე გერმანიაში წასვლის წინ იყო - ელისო კილაძე უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო... ისეა ჩვენი საქმე... - გიორგი მარიამიძე რუსთავი 2-ზე ყველაზე გულისამრევი რუსთავი 2-ის ისტორიაში არის ქიბარ ხალვაშის "რეჟიმის მსხვერპლად" გამოცხადება - თორნიკე შარაშენიძე ყურადღება: რუსთავი 2-ის საქმეზე მოლაპარაკება ირაკლი ოქრუაშვილთან დაიწყო ეს იყო უმკაცრესი პასუხი ვიზალიბერალიზაციაზე და საქართველომ, რუსეთის ხელით, ევროპას სილა გააწნა - სულა სულაშვილი სუსი ევაჭრება მამა გიორგი მამალაძეს, აღიაროს დანაშაული და მას პატრიარქის თხოვნით შეიწყალებენ - ელისო კილაძე

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.64
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43