ლევან იზორია ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველ მსმენელებს შეხვდა

პარასკევი, 27 იანვარი, 2017 - 14:38

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ქალაქ ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სტუმრობით დაიწყო. ქართულ დელეგაციას სამხედრო სასწავლებლის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ანდის დილანმა უმასპინძლა და კოლეჯის სასწავლო პროგრამებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

ტარტუში მდებარე სამხედრო სასწავლებელში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მივლენილ ქართველ მსმენელებთან შეხვედრით გაგრძელდა, რომლებიც ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსებს ესწრებიან.

ლევან იზორიამ ქართველ მსმენელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უწყების წარმატება სწორედ მსგავსი კვალიფიციური კადრებით არის შესაძლებელი.

„ ეს სასწავლებელი ევროპაში გამორჩეულია, აქ მიღებული კვალიფიკაცია კი, საკმაოდ მაღალი.   გვსურს, რომ თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები და მომავალი წარმატება სწორედ ასეთი კვალიფიციური კადრებით იყოს განსაზღვრული და განპირობებული. როდესაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან, ყველანაირ პირობებს შევუქმნით, რომ სწორედ მათთან ერთად განვახორციელოთ დაწყებული რეფორმები“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ქართველ სტუდენტებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი და საქართველოს სამხედრო ატაშე ბალტიის ქვეყნებში, პოლკოვნიკი არჩილ პეტრემღვდლიშვილი დაესწრნენ. 

საქართველოს დელეგაციას ქართველმა მსმენელებმა კურსზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები გაუზიარეს. ბრიგადის- გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, ქართველი ოფიცრები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ტაქტიკურ- ოპერატიულ და სტრატეგიული დონის თანამდებობებისთვის საჭირო ცოდნას იღებენ.

„სტუდენტები მაქსიმალურ ინფორმაციას იძენენ ტაქტიკურ- ოპერატიული, სტრატეგიული დონის თანამდებობებისთვის, ასევე გადიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და ლიდერის კურსებს. ქართველი სტუდენტები მომავალში ოპერატიულ-სტრატეგიულ თანამდებობებზე დაინიშნებიან“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

ამჟამად, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში საქართველოს თავდაცვის უწყებიდან სამი ოფიცერი და ორი სამოქალაქო პირი სამეთაურო-საშტაბო და უმაღლეს სამეთაურო კურსს გადის. ესტონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან შეხვედრები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46