საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ჯოზეფ დაულის პასუხობს

ოთხშაბათი, 25 იანვარი, 2017 - 11:27

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის მოწოდებას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

მთავრობის ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, პატივს სცემენ ევროპელი კოლეგების მოსაზრებებს და მათ ყურადღებით ეკიდებიან, თუმცა, დღეს, დემოკრატიულ სისტემაში, მართლმსაჯულებას ახორციელებს სასამართლო და არა - აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი.

„საქართველო არის ევროპული, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, რომელიც წარმატებით ნერგავს ევროპულ სტანდარტებს. 2012 წლის შემდეგ, საქართველოს განსაკუთრებული პროგრესი, ევროპული დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, აღიარებულია, როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. საქართველომ შეძლო, გადაქცეულიყო ქვეყნად, რომლის ძირითადი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება. დემოკრატიულ სისტემაში, დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობრივი დანაშაულის გამო, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა. საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა, სასამართლოს მიერ, ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო, და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არ არის დასავლური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები.

საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებებულებისადმი, ვერც ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის“, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლიმ სოციალური ქსელით საქართველოს პრემიერ მინისტრს პოლიტპატიმრების გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61