საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობს

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 14:24

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას. ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის პირველი ვიზიტია .

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული დელეგაციისთვის, რადგან დელეგაციის განახლებულ შემადგენლობას შესაძლებლობა აქვს, საბჭოს წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული შეხვედრები ქართველ დეპუტატებს საგარეო მიმართულებით კავშირების გაღრმავებასა და უცხოელი მეგობრებისთვის საქართველოში განხორციელებული რეფორმების, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება.

„ამ ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი რანგის შეხვედრები, როგორც ევროსაბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სხვადახვა ქვეყნის დელეგაციებთან. ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცემს, გავაფართოვოთ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობები, მაქსიმალურად ბევრ ქვეყანას და ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია იმ განვითარებისა და პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს. ამ შემთხვევაში, დემოკრატიული რეფორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას და შესაბამისად, შევძლოთ მათი მობილიზება იმ თემებში, რომლებშიც უცხოელი მეგობრების დახმარება ძალიან გვჭირდება, მაგალითად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები და ა.შ. ამიტომ დელეგაცია ძალიან აქტიურად გეგმავს მუშაობას ამ კვირის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა ამ ასამბლეაში იქნება ძალიან აქტიური, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შეძლებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59