ქართულმა ნავთობკომპანიებმა ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზი გაიზრდებოდა - აფბა

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 - 13:25

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ქართული საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს.

როგორც „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, კომპანიებმა ბოროტად ისარგებლეს აქციზის გადასახადის ზრდით და საწვავზე ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზის გადასახადი გაიზრდებოდა.

„ბოლო 2 თვის მანძილზე, ქართულ საწვავის ბაზარზე ფასების კორექტირება, ზრდის კუთხით 5 ჯერ მოხდა და საერთო ჯამში საწვავის ფასი 18 %- ზე მეტით გაიზარდა. ქართულ ბაზარზე ფასების ზრდის რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი დასახელდა, ისეთები როგორებიც იყო, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა. 2016 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე მცირედით, მართლაც გაიზარდა ნავთობის ფასი და მან ბარელზე 58 დოლარს მიაღწია, რისი მიზეზიც „ოპეკის“ 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ოპეკის“ წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირებაზე კიდევ ერთხელ შთანხმდნენ. ამ პერიოდისთვის ქართულმა ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა წინასწარ საშუალოდ 5 თეთრით გაზარდეს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი. (ლარის კურსი დროის ამ მონაკვეთში 2.58). ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია განიცადა და კომპანიებმა კიდევ 5 თეთრით გაზარდეს საწვავის ღირებულება.

კიდევ ერთი პრევენციული ქმედება ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კოპანიებმა 2016 წლის დეკემბრის მიწურულს მოახდინეს, როდესაც საწვავის ფასზე მოქმედი ყველა ძირითადი პარამეტრის უცვლელობის პერიოდში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ გაზარდეს 5 თეთრით.

„აფბა“ მიიჩნევს, რომ კომპანიებმა ამ ქმედებით, აქციზის გადასახადის მოსალოდნელი ზრდა გამოიყენეს მოგების კიდევ უფრო გასაზრდელად და აქციზის გადასახადის მარჟა წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დღეს ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.19 ლარს აღწევს, ამის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კი აქციზის გადასახადის გაზრდა სახელდება. მაგრამ თუ გადავხედავთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებს ნათლად ჩანს რომ კომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდერე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

2017 წლის პირველი იანვრიდან, აქციზის ღირებულება ერთ ლიტრ საწვავში გაიზარდა 15 % -ით, 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე კი საწვავის ფასი ქვეყანაში გაიზარდა 18.26% - ით. ამას ემატება ბოლო ერთ თვეში თითქმის 10 % - მდე შემცირებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე და ბოლო 2 კვირაში თითქმის 8% - ით გამყარებული ლარი“ - აცხადებს ბაირახტარი.

მისივე თქმით, დღეს ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რასაც სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებს და ზიანდება ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მომხმარებელი. მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ ნავთობკომპანიებმა იგრძნონ ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მათ საზოგადოების წინაშე გააჩნიათ და არ ისარგებლონ ბოროტად ყველა სიტუაციაში, როდესაც გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო ცვლილებების განხორციელება ხდება საჭირო ცალკეულ გადასახადებთან მიმართებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46