საქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 17 იანვარი, 2017 - 17:56

საქართველოს რესპუბლიკური პარტია  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს რესპუბლიკური პარტია უარყოფითად აფასებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. 

ჩვენ, რესპუბლიკელებს, მიგვაჩნია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ საკანონმდებლო წინადადების სახით შეთავაზებული ცვლილებების გაზიარება საქართველოს პარლამენტის მიერ, იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი მედიის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. წარმოდგენილი ცვლილებებით შემოთავაზებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდა.

საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს შევახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელსაც აქვს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია, ასევე გენერალური დირექტორის კონტროლის უფლებამოსილება. უფლებამოსილებათა ამგვარი გადანაწილების ძირითადი მიზანია ერთის მხრივ, სამეურვეო საბჭოს, როგორც უმაღლეს მმართველ ორგანოს საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების ჰქონდეს შესაძლებლობა, მეორეს მხრივ, კი არ დაუშვას გენერალური დირექტორის ხელში ჭარბი უფლებამოსილების კონცენტრირება.

საზოგადოებრივ მაუწყებელში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესები (გენერალური დირექტორის ასარჩევი კონკურსი) ნათლად აჩვენებს, რომ კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცედურები იქცა ფსევდოგამჭვირვალობად და გადაწყვეტილებების მიღება გადაიზარდა თვითნებობაში. ამ ფონზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადედების გაზიარება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგუმლი ნაბიჯი გამჭვირვალობის და მმართველ ორგანოებს შორის ურთიერთბალანსის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59