ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

სამშაბათი, 10 იანვარი, 2017 - 17:57

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დღეს პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კვლევის შედეგები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობის შედარებითი ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

პრეზენატაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი და ცალკეული დეპუტატები. სამუშაო ჯფუფის შემადგენლობაში შედიან, აგრეთვე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯგუფი ძალიან წარმომადგენლობითია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტმა დაინახოს სხვადასხვა ინსტიტუტის, როგორც სასამართლოს, მთავრობის, ასევე არასამთვარობო ორგანიზაციების, ექსპერტების შეხედულებები.

„ვფიქრობ, რომ ეს კარგი დასაწყისია. ძალიან იმედიანად ვუყურებ ამ პროცესს, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ გვაქვს ერთი მიზანი, როგორც ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას - ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ასევე, დაცულები იყვნენ იმისგან, რომ სისტემა, რომელიც მათ პირად სივრცეს დაიცავს, იყოს გამართული. ვთანხმდებით იმაზეც, რომ ახალ ცვლილებებში გაიწეროს საზედამხედველო ფუნქციების ახალი ფორმები არა მხოლოდ იმ უწყებების, ვისაც აქვს კონტროლის მექანიზმი, ეს არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სასამართლო, არამედ პარლამენტიც. ეს იქნება ახალი ეტაპი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, შესწავლილი იქნა წამყვანი ევროპული ქვეყნების და აშშ-ს მოდელები და ბოლო ცვლილებებით, თითქმის ყველა ქვეყანა ფიქრობს იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვას შიდა საფრთხეების თვალსაზრისით მოსახლეობა.

„ამიტომ, არ გვინდა, რომ მოვიგონოთ ის, რაც არც ერთ ქვეყანას არ აქვს და გვინდა ავიღოთ მოდელი, რომელიც აპრობირებულია თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში. ეს არის ისეთი მოდელი, რომლითაც ძალოვანი უწყება, რომელსაც სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის გარანტია აკისრია, უზრუნველყოფს ან პროვაიდერებისაგან ან კერძო კომპანიებისგან სერვისის მიღებას, მაგრამ არსებობს სასამართლო კონტროლი და არსებობს პარლამენტის კონტროლი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს ვადა თვის ბოლომდე აქვს იმისათვის, რომ მიღებული იქნას ერთიანი შეჯერებული პოზიცია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. აქედან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 6 იანვრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46