საინჟინრო ბრიგადას გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან სპეციალური სადეკონტემინაციო მანქანები გადაეცა

ხუთშაბათი, 29 დეკემბერი, 2016 - 18:50

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი დაესწრნენ.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს გერმანიასთან. ეს ქვეყანა პირველი იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა. ჩვენ გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. განსაკუთრებით გამოვარჩევდი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში გერმანული მხარის აქტიურობას. წლების წინ დავიწყეთ გერმანიასთან ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიაციულ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე გახლდით უწყებათაშორისი კომისიის თავჯდომარე აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. ვიცი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სფეროს თანამედროვე სამყაროში და ამ სფეროში უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფას. დღეს ჩვენ გადმოგვცეს სპეციალური ტექნიკა, რომელსაც სწორად გამოვიყენებთ და ეს ერთგვარი საფუძველი იქნება მომავალში ექსპერტების დონეზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან გერმანიასთან. მინდა გამოვხატო მზადყოფნა, რომ აქტიურად ვიქნები პროცესში ჩართული, რათა ყველანაირი პირობები შეგიქმნათ წარმატებული საქმიანობისთვის მომავალში. დარწმუნებული ვარ თქვენი პროფესიონალიზმი, მონდომება და ენერგია, რასაც ამ საქმეში ჩადებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ გერმანული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით.

„მასობრივი დაზიანების საფრთხე 21-ე საუკუნეში აქტუალურია. დასნებოვნებულ ტერიტორიებზე რეაგირებას არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ამოცანის შესასრულებლად ჩამოყალიბდა ქვედანაყოფი, რომელიც გერმანელების აქტიური ჩართულობით დაარსდა. დღეს წარმოდგენილი ტექნიკა ამ ამოცანების გადაწყვეტაში დაგვეხმარება. ეს პროგრამა ასევე დაგვეხმარება ნატოსთან თანამშრომლობის საკითხში კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ,“ - აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე, გამოყო მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რომელიც მოიცავს სპეციალურ სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანებს.

„ეს ტექნიკა საბაზისო საფეხურს ქმნის იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ამ სახის ტექნიკისა და შეიარაღების განვითარება. რადიოაქტიური და ქიმიური თავდაცვითი შეიარაღების განხორციელება მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ შეიარაღებულ ძალებს შეუძლია. ამ სფეროში გერმანული მხარე ცდილობს აქცენტი ორი მიმართულებით დახმარებაზე გააკეთოს. აღნიშნული ტექნიკა საშუალებას აძლევს პირად შემადგენლობას, შეასრულოს ის ფუნქცია-მოვალეობები, რაც მათ ეკისრებათ და მხარდაჭერის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ტექნიკისა, გერმანული მხარე ქართულ მხარეს იმ თეორიული საფუძვლების შესწავლაში დაეხმარება, რომლის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ.

სპეციალური ტექნიკა ორმაგი დანიშნულებისაა. მისი გამოიყენება შეიძლება როგორც საბრძოლო სიტუაციაში კატასტროფების ლიკვიდაციისთვის, ტერიტორიების, შენობების, ინდივიდუალური აღჭურვილობის, ტექნიკის, ჯავშანტექნიკის და პერსონალის დასუფთავება/გაუნებელყოფაში, ასევე სამოქალაქო თავდაცვის სფეროში - ხანძართან ბროლის დროს, სხვადასხვა ეპიდემიების, კატასტროფების და მსგავსი შედეგების ლიკვიდაციისთვის.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მემორიალი გვირგვინით შეამკო. საზეიმო ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, გერმანიის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე და შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის მეთაური, კაპიტანი ბეგლარ იაკობიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46