ქართულ ჭიდაობაში ფალავნები 17 დეკემბერს გამოვლინდებიან, ფალავანთ ფალავნობის გამარჯვებულს ბინა ელოდება

ხუთშაბათი, 15 დეკემბერი, 2016 - 13:20

17 დეკემბერს, თბილისში, ნიუ თბილისის ფრენბურთის დარბაზში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ამასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.

„ქართულ ჭიდაობას განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. წლევანდელი ფალავნობა გამორჩეულია, რადგან მასში უცხოელი მოჭიდავეებიც მიიღებენ მონაწილეობას, ამდენად, გვინდა, რომ შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაფერი გააკეთეს, ახლა ჯერი სპორტსმენებზეა. დარწმუნებული ვარ ფალავნობის მოყვარულთ დიდი სიამოვნება ელით", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ.

წლევანდელ ფალავნობაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი სპორტსმენები გერმანიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და თურქმენეთიდან. ფალავნები ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან: 80კგ, 90კგ, 100კგ და +100კგ, ხოლო პრიზიორები ფალავანთა ფალავნობისთვის იბრძოლებენ. წონითი კატეგორიების პრიზიორებს თანხა გადაეცემათ (I ადგილი - 3000 ლარი, II ადგილი - 2000 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი), ფალავანთ ფალავნობის გამარჯვებულს კი ბინა. მეორე ადგილზე გასულს - 10 ათასი ლარი, მესამე ადგილოსანს - 5000 ლარი.

„წლევანდელი ტურნირი გამორჩეულია, ჩვენ ახალ სიმაღლეზე ავედით და გვინდა, რომ 2016 წლის შეჯიბრება განსაკუთრებულად ჩატარდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართველების გარდა რვა ქვეყნის მოჭიდავეები იასპარეზებენ, შემიძლია ვთქვა: წლევანდელი შეჯიბრება უმაღლესი დონისა იქნება. დარწმუნებული ვარ ქართული ჭიდაობის გულშემატკივრები წლევანდელი შეჯიბრებით დიდ სიამოვნებას მიიღებენ. აქვე მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანადგომისთვის და მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46