უჩა ნანუაშვილმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში წარმოადგინა

სამშაბათი, 25 ოქტომბერი, 2016 - 13:29

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში მომზადდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მასში განხილულია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, თანასწორობის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემები, სახალხო დამცველის მიერ მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის გამოყენება, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციების და ზოგადი წინადადებების, საერთო სასამართლოებში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მიმოხილვა, სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ტენდენცია, საერთო სასამართლოების, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის აქტუალობის საკითხი, ასევე სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვა აქტივობები.

საანგარიშო პერიოდში – 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველმა შეისწავლა 113 საქმე; შეიმუშავა 12 რეკომენდაცია, 4 ზოგადი წინადადება და 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. ამათგან, საქმის წარმოება შეწყდა 41 საქმეზე, ხოლო 19 საქმე დაუშვებლად იქნა ცნობილი. (უნდა აღინიშნოს, რომ წინა საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა 107 განცხადება განიხილა, შეიმუშავა 2 რეკომენდაცია, 1 ზოგადი წინადადება და 2 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, საქმის წარმოება შეწყდა 8 საქმეზე, 21 საქმე კი დაუშვებლად იქნა ცნობილი).

განცხადებების ყველაზე მეტი - 18% პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება, რელიგიის საფუძვლით დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა 17% დავობს, ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს განცხადებების 14% ეხება, სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები კი წინა წლის მსგავსად, განცხადებების 10%-ს შეადგენს. 8%–ს წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით და 7%-ს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მომართვიანობა. განცხადებების დანარჩენი ნაწილი ასევე შეეხება ასაკის, რასის, პროფესიული კავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა პროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში მომავალი 3 წლის განმავლობაში განხორციელდება“ - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44