ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” გაიხსნა

შაბათი, 22 ოქტომბერი, 2016 - 17:07

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “იაპონური ბაღი” საზეიმოდ გაიხსნა. ბაღი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე, 250 კვ.მ ფართობზე მოეწყო და მასში იაპონური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო ნიმუშებია განთავსებული, როგორებიცაა ტორიის ჭიშკარი (Torii Gate), ალისფერი ჭიშკარი, რომელიც იაპონური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლოა, ტასოტოს (Tasoutou) სტილის ქვის კოშკი, რომელიც ბედნიერებისა და იღბლის მომტან სკულპტურად ითვლება.

ამასთანავე, აღსანიშნავია კასუგას სტილის ქვის ლამპარი (Kasuga Style stone lantern) და ტრადიციული იაპონური ალისფერი ხიდი. ბაღის ერთგვარი სიმბოლოა ფუჯის მთის სკულპტურა და ფუჯისანის ვულკანური მთის ფერდობებიდან სპეციალურად ჩამოტანილი ლავის ნაწილები, რომელიც იაპონური ბაღის უცვლელ ელემენტს წარმოადგენს.

„იაპონური ბაღის“ გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, თბილისის მერის მოადგილეები, ასევე თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი დაესწრნენ.

ბაღში იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონია მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ „იაპონური ბაღის“ გახსნა ხეების დარგვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა და თბილისის მერმა ბაღში სტუმრებთან ერთად ხუთი ძირი ორ მეტრიანი მთის ნეკერჩხალი დარგო. “იაპონურ ბაღში”, ასევე, დაირგო სხვადსხვა სახეობისა და ფორმის მერქნიან მცენარეთა საინტერესო ნიმუშები. მათ შორის, ნეკერჩხლების, ფიჭვების, კვიპაროსების, ნაძვის, როდოდენდრონებისა და იაპონური ალუბლის (საკურას) სხვადასხვა დეკორატიული ბუჩქი, დაიგო მწვანე საფარი.

ბაღი გაშენებულია იაპონური ბაღების ყველა პრინციპის დაცვით, მისი პროექტი ეკუთვნის იაპონურ კომპანია “კოსუგის”, რომლის წარმომადგენლებიც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბაღის მოწყობის პროცესს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44