პრეზიდენტი ქართულ ოცნებას საარჩევნო დაპირებების შესრულებას, ხოლო ნაციონალებს პარლამენტში შესვლას ურჩევს

სამშაბათი, 11 ოქტომბერი, 2016 - 16:05

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა და პარლამენტში მოღვაწეობა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის ყველა პოლიტიკური ძალისთვის ამომრჩევლის წინაშე გარკვეული ვალდებულება, თუმცა ყველა პარტია თავად ადგენს და განსაზღვრავს საკუთარ დღის წესრიგს, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკა მიშველაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ბოიკოტირების რეჟიმი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის საზიანოა.

„პრეზიდენტმა არჩევნების წინა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას ეყოლება მრავალპარტიული პარლამენტი და საკანონმდებლო ორგანო, სამწუხაროდ, პარლამენტში არ არის წარმოდგენილი ფართო სპექტრი პოლიტიკური პარტიებისა. შედეგი არის განპირობებული იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც გვაქვს დღეს, საარჩევნო სისტემით რომლის შეცვლაზეც ძალისხმევა არ დაუკლია საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ, მიუხედავად მისი მცდელობისა, ეს საარჩევნო სისტემა ვერ და არ შეიცვალა. ასეთ მოცემულობაში პარტიების დაშლა, დასუსტება, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევას, მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, კონცენტრირდეს მეორე ტურზე და საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე.

„კონცერტრირდნენ, პირველ რიგში, ხალხზე, რომელზე მათ აიღეს პასუხისმგებლობა, ხოლო პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინ ქვეყნისა და ხალხის წინაშე დადებული ფიცის შესრულებას, რაც გულისხმობს, რომ დაიცავს საქართელოს კონსტიტუციას, დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას, ასევე გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობისთვის ზრუნვას“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მიშველაძემ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც, ყოველთვის და ყველგან განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყანაში აუცილებელია ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიის არსებობა და აუცილებელია მედია პლურალიზმი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61