საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე გადაადგილება სახიფათოა - ბადრი ნაჭყებია

სამშაბათი, 07 ივნისი, 2016 - 17:41

ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი ბადრი ნაჭყებია თურქეთის დედაქალაქში  დღეს განხორციელებულ ტერორისტულ აქტს შემზარავს უწოდებს  და არ გამორიცხავს, ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხასიათის ორგანიზებული ტერაქტების სერიებს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, თურქეთის ხელისუფლება არანაკლებ საშიშროებას ხედავს ქურთულ მოძრაობაში, ვიდრე "ისლამურ სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციებში. ექსპერტი  დღევანდელ ტერაქტში  ქურთთა „მუშათა პარტიის“  ხელწერას ხედავს, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის ჯარს, პოლიციას და ერიდება მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში.

 „თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტები ახალი მოვლენა არ არის, მოგეხსენებათ, რომ  რამდენიმე ტერაქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ"  აიღო პასუხისმგებლობა. საქმე იმაშია, ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ გადის ე.წ. მეორე ფრონტი,  ფაქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო ომი თურქეთის ცენტრალურ ხელისუფლებასა და "ქურთთა მუშათა პარტიას" შორის. სახელმწიფო ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში ქურთთა ბოევიკების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს“, - აცხადებს ნაჭყებია.

ბადრი ნაჭყებია საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე გადაადგილებაში რისკებს ხედავს და თვლის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში უნდა ჩაერთოს და გასცეს გარკვეული რეკომენდაციები.

„თურქეთის ხელისუფლებას გაუმწვავადა ურთიერთობა, როგორც სირიის ქურთებთან, ასევე ერაყის ქურთებთან, მიმდინარეობს შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ სერიოზული დაპირისპირება  და ალბათ ამ მხრივ თურქეთში კრიზისი უფრო გამწვავდება. ფაქტია, ხელისუფლებას ამ პრობლემასთან მარტო გამკლავება არ შეუძლია, თუმცა იქვე აღვნიშნავ, რომ გარკვეულ პერიოდში ახდენდა სპეცსამსახურების მეშვეობით ურთიერთობის დაბალანსებას. სამწუხაროდ, ერდოღანის ხელისუფლება ვერც დასავლეთთან პოულობს საერთო ენას, საკმაოდ დაპირისპირებულია რუსეთთან და ეს ფაქტიც ქვეყანაში გარკვეულ კრიზისებს იწვევეს“, - აცხადებს ბადრი ნაჭყებია.  

ნაჭყებიას განცხადებით, საფრანგეთსა და ბელგიაში განხორციელებული აქტების შემდეგ ევროპა უსაფრთხო აღარ არის,  საქმე გვაქვს გლობალურ ტერორიზმთან და მასთან ბრძოლა მხოლოდ პროგრესული ძალების გაერთიანებით და კონსოლიდაციითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, სტამბულის ვეზნეჯილერის უბანში დღეს დილით დანაღმული ავტობუსი აფეთქდა,  რის შედეგადაც დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 36-ს აჭარბებს.   დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია.

ნინო მთივლიშვილი

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43