დიმიტრი ქუმსიშვილი ბიოტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2015 - 17:05

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და აშშ-ს ტენესის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო ,,ვერე პალასში“ ბიოტექნოლოგიების მიმართულებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

„ასეთი შეხვედრების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ის კონკრეტული მიმართულება, სადაც საქართველოს გააჩნია კონკურენტუნარიანი უპირატესობა და შეიქმნას ის მიმართულებები, რომელიც საქართველოს მომავალში მოუტანს დამატებით შემოსავალს. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანას კვლევებისა და განვითარების მიმართულებით გააჩნდეს მკაფიო და მიზანმიმართული ხედვა და სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის აქტიურ თანამონაწილეობას ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობის პროცესში. საქართველოს გააჩნია საკმაოდ ძლიერი პოტენციალი და მზაობა იმისთვის, რომ გახდეს რეგიონალური ცენტრი და კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს ბიოტექნოლოგიების მიმართულებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო ასპარეზეც. ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარება სახელმწიფოს მხარდაჭერითა და კერძო სექტორსა და სამეცნიერო წრეებს შორის აქტიური თანამშრომლობითაა შესაძლებელი“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება საქართველოში თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიასა და ბიოტექნოლოგიების შესახებ, ასევე მოცემული ინოვაციების დანერგვა, საქართველოს პოტენციალის გაზიარება საერთო კვლევებისა და პროექტების ინიცირება.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში უცხოელი მომხსენებლები დეტალურად გააცნობენ მსმენელს თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების არსს და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობას ამ საკითხში.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის ჩამოყალიბება, სფეროს პოპულარიზაცია, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ახალი გამოწვევების მიღება.

ბიოტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ პირველ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებსა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ამერიკის მეცნიერებათა ფონდიდან და ტენესის უნივერსიტეტიდან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61