ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი - ნინო ბურჯანაძე

პარასკევი, 18 სექტემბერი, 2015 - 16:55

სამწუხაროდ, ახალი პოლიტიკური წლის დაწყება გვიწევს არა სერიოზული პოლიტიკური განხილვებით, არამედ იმ მასკარადზე საუბრით, რომლის მოწმენიც „ქართული ოცნების“ წყალობით გავხდით. ეს მასკარადი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობას, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას ჰპირდებოდა, როგორც გაირკვა ამ პროცესის დაწყებას არც აპირებდა და ფაქტია, რომ ვერც ვერასოდეს შეძლებს.

„ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ატარებს ერთადერთ პოლიტიკურ კურსს, ეს გახლავთ არა ქვეყნის გამთლიანების და სამართლიანობის აღდგენის კურსი, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლების, რეაბილიტაციისა და გაძლიერების კურსი. ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, ემსახურებოდა მხოლოდ ერთს, დამნაშავე ორგანიზაციის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სამარიდან წამოყენებას,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ბურჯანაძის თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმატებით მოატყუა ქართველი ხალხი. როგორც ის აცხადებს, ეს ან უცხო ქვეყნების დაკვეთის შესრულება, ან მართლაც გარიგებაა.  ბიძინა ივანიშვილს რომ ჰქონოდა პოლიტიკური ნება ქვეყანაში აღდგენილიყო სამართლიანობა და დასჯილიყვნენ დამნაშავენი, აუცილებლად დაიწყებდა 2008 წლის აგვისტოს ომის და თუნდაც 2011 წლის 26 მაისის გამოძიებას. მარტო ეს 2 საქმე ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებდა.

„თუ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი მზადაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ტერორის, დამცირების, დაყაჩაღების და წამების შემდეგ ახლა უკვე შეეგუოს ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის ღალატს და მათი მხრიდან თითოეული ჩვენგანის დამცირებას, ჩვენ, მე და ჩემი თანაგუნდელები ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ვიბრძოდით ყოველგვარი გარიგებისა და შერიგების გარეშე, ნამდვილად არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და არ დავუშვებთ ხელისუფლებაში არც „ქართული ოცნების“ და მით უმეტეს არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, ვინც ვიცით რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, აღვადგენთ სამართლიანობას ყოველგვარი რევანშის გარეშე და ქვეყანას შევძენთ სახელმწიფოებრიობის ნიშნებს! დიახ, ჩვენ ამას გავაკეთებთ მიუხედავად იმ დიდი შეთქმულებისა, რომლის მსხვერპლიც დღეს ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოსახლეობაა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44