1992 წლის 14 აგვისტო ქართული სახელმწიფოს უმძიმესი შეცდომა იყო

პარასკევი, 14 აგვისტო, 2015 - 10:05

არასაპარლამენტო ოპოზიციის: ტრადიციონალისტთა კავშირის, თავისუფალი საქართველოსა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები აფხაზეთში ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. 

" დღეს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 23-ე წლისთავზე გვსურს პატივი მივაგოთ ომში დაღუპულ ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას. გვსურს საგანგებოდ ხაზი გავუსვათ, რომ პატივს მივაგებთ როგორც ქართველ, ისე აფხაზ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოსახლეებს, რამეთუ 2-ვე მხარეს იბრძოდნენ ჯერ კიდევ ერთი და იმავე ქვეყნის მოქალაქეები და 2-ვე მხარეს (ცალკეული სამხედრო დამნაშავეების გარდა) იბრძოდნენ ადამიანები, რომლებიც იცავდნენ საკუთარ მიწა-წყალს და სამშობლოს.

აფხაზეთში ჯარების შეყვანა და საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის მცდელობა იყო შევარდნაძის მთავრობის გამოუსწორებელი დანაშაული, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანა. აფხაზეთის ომმა საშუალება მისცა რუსეთს გამოეყნებინა თავისი სამხედრო ძალები და ღიად ჩარეულიყო სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ხოლო 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ ეცნო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ ქართულ საზოგადოებაში მაშინაც არსებობდა საკითხის მშვიდობიანი, კომპრომისული მოწესრიგების ალტერნატიული გეგმა: როდესაც ზვიად გამსახურდიამ და ვლადისლავ არძინბამ 1991 წელს მიაღწიეს შეთანხმებას აფხაზეთში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პარიტეტულად ფორმირების შესახებ (ე.წ. 28/26). უკვე დევნილობაში მყოფმა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა მკაფიოდ და კატეგორიულად დაგმო 1992 წელს შევარდნაძის სამხედრო ავანტიურა. აფხაზეთში ჯარის შეყვანის წინააღმდეგ ღიად გამოვიდნენ ამ განცხადების ხელმომწერები (აკაკი ასათიანი და გოჩა ჯოჯუა), თუმცა იმ ეტაპზე ეს ხმა უგულებელყოფილი იქნა პოლიტიკური სპექტრის უმეტესი, ძალზედ რადიკალიზებული ნაწილის მიერ.

ომის დაწყებას თან სდევდა მძიმე დანაშაულები 2-ვე მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ვთავაზობთ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, მეცნიერებს ერთობლივად შევისწავლოთ აფხაზეთის ომთან და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები, მიუხედავად იმისა თუ რომელი ეროვნებისაა კონკრეტული შემთხვევაში დამნაშვე და მსხვერპლი. მხოლოდ ამ გზით შეიძლება დადგინდეს სიმართლე, სხვა შემთხვევაში კი ზ/ა ფაქტები კვლავინდებურად დამახინჯებული იქნება და მოემსახურება მხოლოდ შოვინისტურ პოლიტიკურ პროპაგანდას, რაც თავის მხრივ პერიოდულად იწვევს კონფლიქტის ესკალაციას.

ბევრ ქვეყანაში კონფლიქტის მხარეებს შორის შერიგებას წინ უძღოდა სწორედ ე.წ. “სიმართლის დადგენის კომისიის“ მუშაობა და შეცდომების აღიარება. ვფიქრობთ, წარსულის მოვლენების სწორი და პირუთვნელი შეფასება შეიძლება გახდეს სამომავლოდ ქართულ-აფხაზური დიალოგის საუკეთესო წინაპირობა", - განცხადებას ხელს აწერენ:. ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერი აკაკი ასათიანი, თავისუფალი საქართველოს ლიდერი  კახა კუკავა და  ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი  გოჩა ჯოჯუა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45