ახალი წლიდან ძალაში შევა ყველა საგადასახადო შეღავათი, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში წარმოების განვითარებას და ადამიანების დასაქმებას - ზაქარია ქუცნაშვილი

ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2015 - 15:36

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“კანონი 2016 წლის 1 იანვარს ძალაში შევა, რითიც საქართველოს მთის აღორძინება დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა: ზაქარია ქუცნაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ერეკლე ტრიპოლსკიმ, მირიან წიკლაურმა და ვიქტორ ჯაფარიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხის ოცწლიანი ოცნება მთის განვითარებაზე, მოქმედი ხელისუფლების დროს აღსრულდება. მისი ინფორმაციით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. სამუშაო თათბირზე, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მთის განვითარების პროცესი მომავალი წლის პირველ იანვარს სრულად დაიწყოს.

„შესაბამისად, ის მე-11 მუხლი, რაზეც თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი და ჩვენ ყველანი გამოვთქვამდით განსხვავებულ პოზიციას და რომელიც ეხებოდა ამ კანონის ამოქმედებას 2017-2018 წლებიდან, დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით იქნება განხილული. ეს ნიშნავს, რომ ახალი წლიდან ძალაში შევა ყველა საგადასახადო შეღავათი, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში წარმოების განვითარებას და ადამიანების დასაქმებას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და პროფესიული სასწავლებლის ყველა პედაგოგი, ყველა კატეგორიის პენსიონერი, ყველა ექიმი და ექთანი, ყველა მოქალაქე, ვინც იღებს 6000 ლარამდე წლიურ შემოსავალს, მიიღებს კანონით განსაზღვრულ დანამატს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, 1995 წელს კონსტიტუციის მიღებისას, 31-ე მუხლთან გაკეთდა დათქმა, რომ საქართველოს მთის განვითარებისთვის ხელისუფლება შექმნიდა შეღავათიან პირობებს.

„ეს დათქმა დარჩა დეკლარირებულ მუხლად, და ახლა ჩვენი ხელისუფლება იწყებს ამ პროცესს, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა დეპუტატმა.

ზაქარია ქუცნაშვილი დაინტერესდა, რა პოზიციას დაიკავებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ეს კანონი გახლავთ არა საარჩევნო კოდექსი, არამედ მთის განვითარების ხელშემწყობი კანონი. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა არ დაუჭირეს მას მხარი პირველი და მეორე მოსმენის დროს. უფრო მეტიც, მცდელობა ჰქონდათ, ჩაეშალათ კვორუმი. არ მინდა, გავაკეთო წინმსწრები დასკვნები, მაგრამ თუ მესამე მოსმენითაც გამოჩნდება, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არ უჭერს მხარს ამ კანონის სახით საქართველოს ტერიტორიის 66%-ის განვითარებას, მაშინ ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ჩვენ მათ „საქართველოს მთის მტრები“ ვუწოდოთ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44