არაფერი შეცვლილა ჩხრეკისა და ამოღების მიმართულებით - საიამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ორშაბათი, 22 ივნისი, 2015 - 14:44

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. საიას მეშვიდე ანგარიში მოიცავს პერიოდს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში დაკვირვების შედეგად გამოვლენილ იქნა შემდეგი ტენდენციები: • მოსამართლეები უფრო ხშირად უფარდებენ ბრალდებულებს გირაოსა და პატიმრობისაგან განსხვავებული აღკვეთის ღონისძიებებს. კერძოდ, ბრალდებულთა 6%-ს შეეფარდა აღკვეთის ალტერნატიული ღონისძიება, 3% კი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამავე დროს გაზრდილია პატიმრობის შეფარდების თაობაზე განჩინებების დასაბუთებულობის ხარისხი.

• სასამართლო წინა პერიოდებთან შედარებით უფრო გააქტიურებული ჩანდა და მეტ შემთხვევაში ცდილობდა შეთანხმებული სასჯელის სამართლიანობაში დარწმუნებას.

• მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში (2011 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით) მეორედ დაფიქსირდა ორი შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ არასამართლიანად მიიჩნია საპროცესო შეთანხმებით დადგენილი სასჯელი და არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. კიდევ უფრო შემცირდა იმ საპროცესო შეთანხმებების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ჯარიმას აკისრებს ბრალდებულს.

• დასრულებული 204 საქმეში (170 – საპროცესო შეთანხმება და 56 – არსებითი განხილვა) ბრალდებულის მიმართ ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

• სასამართლოები, როგორც წესი, ეთანხმებოდნენ პროკურატურის შუამდგომლობას მტკიცებულებების წარდგენის შესახებ. დაცვა, ძირითადად, თავს იკავებდა როგორც საკუთარი მტკიცებულების წარდგენის, ისე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნისაგან და, წინა პერიოდებთან შედარებით, ის კიდევ უფრო პასიური ჩანდა.

• მონიტორინგის ბოლო ორი პერიოდისაგან განსხვავებით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ წინა სასამართლო განხილვის ეტაპზე შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა.

• არაფერი შეცვლილა ჩხრეკისა და ამოღების მიმართულებით. კვლავ არსებობს ეჭვი სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს მიერ იმ ვალდებულებების შესრულებაში, რომლის მიხედვითაც, მათ არ უნდა ჩაატარონ ან დააკანონონ ისეთი ჩხრეკა და ამოღება, სადაც სათანადოდ არ იქნება არგუმენტირებული გადაუდებელი აუცილებლობა.

საია იმედს იტოვებს, რომ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსა და გაკეთებულ დასკვნებს გაიზიარებენ როგორც ის სასამართლოები რომელთაც საია აკვირდებოდა, აგრეთვე რეგიონული სასამართლოები, სადაც საია პროცესებს არ აკვირდება. საიას რწმენით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის უფრო მეტად სრულყოფა-გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55