გასაგებია, რაზე ვლაპარაკობ, ამ მთავრობის მოყვარულებო? - ირინა სარიშვილი განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2015 - 14:39

ყოფილი პარლამენტარი, "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ყოფილი ლიდერი და პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი განცხადებას ავრცელებს და  საზოგადოებას მიმართავს:

"მეგობრებო! 
მოგმართავთ ყველას, მათ შორის მათაც, ვისაც ჩემი აქაური აქტიურობა არ მოსწონს და რუსთავი2–ზე ჩემმა გუშინდელმა გამოსვლამაც გააღიზიანა: 
არც ერთ თქვენს უხამსობაში გადასულ "კრიტიკაზე" და შეურაცხყოფებზე, რაც მე ჩემთან ინბოქსში და სხვადასხვა სააგენტოს საიტებზე ვიხილე (აქ, ჩემს კედელზე ნაკლებად), პასუხის გაცემას არ ვაპირებ. არა იმიტომ რომ არ შემიძლია (ხვდებით ალბათ რომ არ გამიჭირდება), არამედ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი "სამიზნე", განსაკუთრებით ამ დღეებში, მხოლოდ ხელისუფლებაა – ხელისუფლება არა როგორც მტერი ან მეგობარი, არამედ როგორც პასუხისმგებელი. 
თუ რომელიმე თქვენგანი ჩემი მხრიდან მთავრობის მიმართ ნათქვამ არც თუ სასიამოვნო სიტყვებს საკუთარ თავზე იღებს, ეს მისი პრობლემაა. 
მე ძველებურად მოგიწოდებთ ყველას, რომ არ დავერიოთ ერთმანეთს, განსაკუთრებით ამ მძიმე დღეებში, და ვიყოთ ერთსულოვანი იმ თემებზე და პრობლემებზე, რომლებიც ჩვენთვის საერთოა. ჩვენ დავინახეთ, რომ საზოგადოების ასეთმა მოულოდნელმა ერთსულოვნებამ ერთ კონკრეტულ საკითხში – ზურაბ გურიელიძის პასუხისგებაში მიცემის მცდელობას ვგულისხმობ, ხელისუფლებას უკან დაახევინა. რამდენი ხნით, ამას ვნახავთ. მცირე გამონაკლისის გარდა, ამ საკითხში საზოგადოება იყო ერთიანი. თუმცა არსებობს ამ მთავრობის დამცველთა ნაწილი, რომელიც თვლის, რომ ეს პროტესტი ნაცების ორგანიზებული იყო. არც ესაა პრობლემა, ჩათვალეთ, როგორც გნებავთ. ალბათ, მეც მიშამ დამირეკა და მთხოვა დაიცავი ზოოპარკის დირექტორიო. თუ თქვენ ასე უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს, რაც გნებავთ ის იფიქრეთ, მთავარია დამშვიდდეთ და გამოხვიდეთ იმ ისტერიული აგრესიიდან, რაშიც დღეს იმყოფებით. შეგიძლიათ ისიც ამტკიცოთ, რომ ნაცებმა ვეფხვი დიდი ბიძინას საწყობში დააძინეს და მერე გააღვიძეს, რომ მას ხალხი შეეჭამა. მაქსიმალურად ვეცდები, რომ არ გამეცინოს, თქვენ რომ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოთ. მეტი რა ვქნა? ოღონდ ეხლა საქმეზე მინდა ყველას, და მათ შორის, თქვენც დაგელაპარაკოთ:

ხვდებით ალბათ, რომ წვიმა და 6 დღის დამშეული ნადირი ქუჩაში მარტო ჩემი პრობლემა არ არის და თუ გაწვიმდება, თქვენს თავზეც გაწვიმდება, თუ მხეცს გადავეყრებით, არც ის გაარჩევს, ვისაც შეჭამს, იმას ნარმანია და ღარიბაშვილი უფრო უყვარდა თუ მიშა. ხო მეთანხმებით? 
ამიტომ, ჩემო კარგებო, ეგებ ამ თემებზეც, ისევე როგორც გურიელიძის შემთხვევაში, ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და მოვთხოვოთ ამ მთავრობას, საყვარელს, საძულველს, მაგრამ ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელს, ჩვენი საერთო უსაფრთხოების დაცვის მიზნით სულ რამოდენიმე უმარტივესი (რთული არა) ღონისძიების გატარება: 
ვგულისხმობ:

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, სტიქიური უბედურების ზონიდან ეპიდემიისგან და ნადირისგან სრულიად დაუცველი ჩვენი გმირი ახალგაზრდების გამოყვანას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შიშველი ხელებით მუშაობდნენ და ყველა მათგანი ტეტანუსზე უნდა აიცრას, და მათ ჩანაცვლებას სპეცრაზმებით, რომლებიც შესაბამისად იქნებიან ჩაცმული და ეკიპირებული;

გამართული საინფორმაციო ცენტრის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ყველა უწყებიდან წამოსული ინფორმაცია, რომელიც გადამოწმების შემდეგ რეგულარულად უნდა მიეწოდოს მოსახლეობას;

მეტეოროლოგიური სამსახურის მონიტორინგს;

სპეციალისტების მიერ მითითებულ ადგილებში დამბების აგებას და ყველა იმ სამუშაოს სასწრაფოდ შესრულებს, რაც მეტ–ნაკლებად უზრუნველყოფს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, რადგან წვიმა, ადრე თუ გვიან, კიდევ წამოვა;

სტიქიური უბედურების ზონის დასუფთავების შედეგად მოგროვებული ნაგვის (ხეები, ნაფოტები და ა.შ.) სასწრაფოდ გატანას ან განადგურებას, რადგან დღეს ეს ნაგავი ისეთ ადგილზეა, რომ წვიმის შემთხვევაში ისევ ჩახერგავს ხეობას.

ეს არის და ეს, ჩემო მეგობრებო! ძნელია, რომ ამაში არ დამეთანხმოთ! და თუ მაინც, ეს მოთხოვნები ჩვენი მთავრობისთვის რთულად გეჩვენებათ, ბოლო პუნქტი მაინც – ნაგვის გატანა და განადგურება – არ უნდა იყოს რთული, თან სასწრაფოდ!!!

გასაგებია, რაზე ვლაპარაკობ, ამ მთავრობის მოყვარულებო? 
რამეს ვამბობ ისეთს, რამაც თქვენი ნაზი გრძნობები შელახა? 
საიტიდან საიტზე წანწალს და უშვერი სიტყვებით გინებას და შეურაცხყოფას ჩემი და სხვების მისამართით, არ აჯობებს, ეს თქვენი უშრეტი ენერგია ამ საქმისთვის გამოვიყენოთ?

მოკლედ, მე ჩემი გითხარით. ამის მერე თქვენ იცით. თუ კიდევ გაარგძელებთ საქმის კეთების ნაცვლად სიბინძურეების წერას და ყვირილს, პასუხს არ გაგცემთ, უბრალოდ გაგიშვებთ იქ, სადაც შესაძლებელია უკვე ხართ, თუ კიდევ ვერ მიხვდით, რომ ერთი საფრთხე გვაერთიანებს ყველას დღეს!

ნეტა ისე მარტივად გვარდებოდეს ცხოვრებაში ყველაფერი, როგორც აქ მოგიგვარებთ მათ, ვისაც არ ესმის, რომ დღეს ფიზიკურ გადარჩენაზეა ლაპარაკი და არა რომელიმე მთავრობის სიყვარულზე ან სიძულვილზე!"

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43