დროულად შეაჩერეთ სახელმწიფო მინისტრი, თორემ საქართველო საბოლოოდ დაკარგავს გამთლიანების შანსს – ჯუმბერ კირვალიძე

პარასკევი, 29 აგვისტო, 2014 - 22:30

პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილისა და რესპუბლიკელების "სტრატეგია" საქართველოს საბოლოოდ დააკარგვინებს გამთლიანების შანსს. 

"დიახ, დროულად თუ არ შევაჩერეთ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პ.ზაქარეიშვილი, "რესპუბლიკელებთან" ერთად "ნაცების" დაწყებულ საქმეს დაასრულებს და საქრთველოს საბოლოოდ დააკარგვინებს გამთლიანების შანსს! იმ შემთხვევაში, თუ ზაქარეიშვილის და რესპუბლიკელების "სტრატეგიას" ეყრდნობა საქართველოს მთავრობა, ჩათვალეთ, რომ არავითარი იმედი არ არსებობს წარმატების მისაღწევად და მთელი პასუხისმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე, მხოლოდ ზაქარეიშვილს კი არა, არამედ მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება! ეს, რომ ცარიელი სიტყვები და ბრალდება არ გახლავთ, ამიტომ გადავიდეთ ზაქარეიშვილის განცხადებების განხილვაზე, რომელებსაც მედია საშუალებებით დიდი შემართბით და რიხით ხშირად აკეთებს. აი, ერთ–ერთი ტექსტი მისი ინტერვიუდან, რაც გახლავთ სრული დეზინფორმაცია და დემაგოგია!.. - პ.ზაქარეიშვილი:"ჩვენ მზად ვართ ურთიერთობისთვის ნებისმიერ ფორმატში, რომელიც ამ ტერიტორიის კონტროლისთვის შეიქმნა. შესაბამისად, მზად ვართ მაქსიმალურად შევეცადოთ, რათა მოსახლეობა დავაინტერესოთ აფხაზეთში რუსეთის ყოფნის ალტერნატივით და რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაციით, დემოკრატიული საქართველოთი". – ანუ, ამ სიტყვებით, რას სთავაზობს საალტერნატივოდ ზაქარეიშვილი აფხაზებს, რუსეთის ნაცვლად საქართველოთი "დაინტერესდითო"?1 ჰოდა რა, ამას "მისი ხათრით დათანხმდებიან აფხაზები"?! – მივყვეთ ტექსტს, პ.ზაქარეიშვილი:"აფხაზეთის წინ ახლა შემდეგი რეალობა დგას – რუსეთი ისეთი, როგორიც არის ყირიმის ფაქტორით, უკრაინითა და საერთაშორისო ურთიერთობებით და საქართველო - დასავლეთისკენ, ევროკავშირში ვექტორით და იმ უპირატესობებით, რაც ევროინტეგრაციის შედეგად შეუძლია მიიღოს. შესაბამისად, ეს რეალობა ჩემი აზრით, აფხაზების, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობა მათგანის ინტერესებს უფრო გადაწონის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ საქართველოს გავლენით, აფხაზეთში იზრდება ევროპისადმი ინტერესი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ინტერესი წონის რუსეთთან პერსპექტივებსა და პოტენციალს". – "სტოპ"! ბევრი "მარგალიტი დაგროვდა" და კარგად გავერკვეთ ზაქარეიშვილის "უბადლო ლოგიკაში", მივყვეთ თანმიმდევრობით. მოკლედ, ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ აფხაზები, "თურმე სამი რამით არიან მოხიბლულები", 1. ზოგადად, საქართველოს დასავლური ვექტორით, 2. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით და 3. იმ უპირატესობით, რაც ევროკავშირს რუსეთთან შედარებით აქვს; ამას ყოველივეს, ზაქარეიშვილი "სერიოზულად მიიჩნევს და ამტკიცებს", რომ აფხაზების "უმრავლესობაზე, საქართველოს გავლენით" არის განპირობებული ის, რომ ევროპული ინტერესი "გადაწონის" რუსულს?!.. რა ვთქვა, მართლა არ ვიცი! ან, ზაქარეიშვილმა უკვე შემოირიგა აფხაზ–ოვსნი და ჩვენ, დანარჩენმა საქართველომ ვერაფერი გავიგეთ ამის შესახებ, ან კიდევ, "მაღალი დონის კონფლიქტოლოგ–ილუზიონისტია" და "ფოკუსებს გვიტარებს"!.. აფხაზებს, არათუ რუსეთის საქართველოთი "ალტერნატიული ჩანაცვლება" არ უნდათ, არამედ, ჩვენი დევნილების დანახვაც არ უნდათ აფხაზეთში! აფხაზებს, იმის ეშინიათ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა არ აღდგეს აფხაზეთში და ქართველები მოსახლეობის 44% არ გახდნენ ისევ, როგორც ომამდე იყო (ყველაზე მეტად კი, აფხაზებს და ოსებს იმის შიში აქვთ, რომ ქართველებმა და რუსებმა "არ გამოძებნონ ერთმანეთთან საერთო ენა.."!)! აფხაზები, ცოცხალი თავით არ დათმობენ "დამოუკიდებლობას", რაც არ უნდა უმღერ–უცეკვოს ზაქარეიშვილმა "ევროპული ტანცები", თუ მათზე "ზემოქმედება არ იქნება გარედან"! და ბოლოს, აფხაზთა 99,9% – ს თავისი უსაფრთხოების და "დამოკიდებლობის" გარანტად რუსეთი მიაჩნია და როგორც ჩანს, ეს მათი "არჩევანი" გადახედვას არ დაექვემდებარება, კიდევ ძალიან დიდხანს!.. და ეს, ზაქარეიშვილმა არ იცის?! იცით რა, ზაქარეიშვილი თავისი "სტრატეგიით", ნებსით თუ უნებლიედ სეპარატისტების პოზიციებს აძლიერებს!..

კიდევ რამდენიმე ციტატა, პ.ზაქარეიშვილი:"რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება არის ერთ-ერთი მძიმედ გამოსასწორებელი შედეგი, რაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა მოგვიტანა..". – და მისი თქმით:"ამ აღიარების ექვსი წლისთავის გადასახედიდან საჭიროა, რომ ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმა დაიწყონ დიალოგი, თუ როგორ ვხედავთ არსებული ვითარებიდან გამოსავალს". – მეგობრებო, მიხვდით თუ რა "ლოგიკას" გვთავაზობს ზაქარეიშვილი?! მისი "ლოგიკით", აფხაზურ და ოსურ მხარეებს რუსეთმა "თავს მოახვია მათი დამოუკიდებლობების აღიარება" (სეპარატისტებს, "თურმე ეს არ უნდოდათ"!) და ახლა, ქართველებთან ერთად ოსებმა და აფხაზებმა "უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიდეთ არსებული ვითარებიდან". ანუ, ზაქარეიშვილის "ლოგიკით" აფხაზებს და ოსებს "სურთ", რომ ქართველები "დავეხმაროთ" – რუსეთის მიერ მათი "დამოუკიდებლობის აღიარებისაგან განთავისუფლების საქმეში"?! ასეთი "ლოგიკა", თუ გაგიგონიათ როდისმე?! ეს, ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის... შემდეგი "ლოგიკური მარგალიტი", პ.ზაქარეიშვილი:"ლეონიდ თიბილოვი ილაპარაკებს ერთს და ჩვენ მივხედავთ ქვეყანას, მათ შორის რა თქმა უნდა, ცხინვალის რეგიონსაც". – ამ რეპლიკით, ზაქარეიშვილმა უპასუხა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომ –" საქართველომ ოსების გენოციდი უნდა აღიაროს". – ზაქარეიშვილმა კი, ასეთი "ლოგიკა" დაუპირისპირა თიბილოვის ნათქვამს:"სიახლე არაფერი არ არის. სიახლე არის სამაგიეროდ ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და მიდის ევროპისკენ. ცხინვალის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეგულარულად დადის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ნაკადი იზრდება და იზრდება. წელს პირველად დაფიქსირდა ადამიანების საკმაოდ სერიოზული რაოდენობა ცხინვალიდან, რომლებიც ისვენებდნენ ბათუმსა და ქობულეთში. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას". – მოკლედ, ზაქარეიშვილი ამბობს და "რკინის ლოგიკას" ეყრდნობა, რომ თიბილოვი ვინ არის, ოსი მოსახლეობა სხვაგვარად ფიქრობსო! მაგრამ, მთავარს რომ მალავს, რაც შეუძლებელია მან არ იცოდეს?! დიახ, ეს გახლავთ ცხინვალელ ოსთა დიდი უმრავლესობის სურვილი რუსეთში "შესვლის", ანუ, ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის "გაერთიანების" რუსეთის ფედერაციაში, რასაც თავად მოსკოვი "არ მიესალმება", ჯერჯერობით! რაც, სულაც არ შეუშლის მათ ხელს იმაში, რომ ბათუმ–ქობულეთში დაისვენონ, ზაფხულობით, ზამთრობით კი, ბორჯომ–გუდაურში!.. რუსეთთან, ხომ უვიზო რეჟიმი გვაქვს?!..

რესპუბლიკელ ზაქარეიშვილს მხარს უბამს მისი თანაპარტიელი თ.ხიდაშელი და ისიც საოცარ "ლოგიკურ" მოსაზრებებს გვთავაზობს... ყურადღებით, თ. ხიდაშელი:"ჩვენ მზად ვართ, ვესაუბროთ ყველას, ვინც კონკრეტულ მომენტში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ლიდერის პოზიციაზე იქნება, საუბარს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ამრიგად, ის არ არის ჩვენთვის პრეზიდენტი, არჩევნების შედეგად მოსული ლიდერი, თუმცა იქ დღეს მცხოვრები მოსახლეობის ლეგიტიმური ლიდერია. შესაბამისად, ის არის მხარე, რომელთანაც ნებისმიერ დიალოგში, ჟენევის ფორმატში თუ სხვა, ქართული მხარე მზად არის, ისუბროს". – აქამდე, ყველაფერში ვეთანხმები, რაც ბრძანა ხიდაშელმა, მაგრამ, გაგრძელება ნახეთ როგორი "ლოგიკურია", თ.ხიდაშელი:"სანამ ქართული სახელმწიფო იმ ილუზიის ქვეშ ცხოვრობს, რომ მხოლოდ რუსეთს უნდა ელაპარაკოს და მხოლოდ მოსკოვთან უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ამ პრობლემების წინაშე ვიდგებით. აფხაზეთის არც ერთი ე.წ. ხელისუფლება არც ერთხელ მარიონეტად არ მომიხსენებია, რადგან ხუთი კაცის ლიდერიც რომ იყოს, იმ ხუთი კაცის ლიდერია და, შესაბამისად, არ იმსახურებს ასეთ ტერმინებს. ქართულ სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, აირჩიოს ვის ელაპარაკოს აფხაზურ მხარეს. ქართული სახელმწიფო უნდა ელაპარაკოს იმათ, ვისაც იმ ფორმის და იმ ტიპის ლეგიტიმაცია აქვს, რაც დღეს მიიღო რაულ ხაჯიმბამ"!..

მოკლედ, ასე... ზაქარეიშვილ–ხიდაშელის ამ "ლოგიკას" რა სახელი მოვუძებნო, ნამდვილად არ ვიცი! უკაცრავად, მაგრამ თავს იბრიყვებენ (შეგნებულად?), თუ ჩვენ "გვაბოლებენ", იმიტომ, რომ ბრიყვებად მივაჩნივართ?! არა, ამათ იმხელა წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, რომ "მეორე ვარიანტია", უეჭველად! მოდით, ერთად გავუქარწყლოთ მათ ეს მცდარი წარმოდგენა საკუთარ ხალხზე!.. მაშ, მივყვეთ ხიდაშელის "ლოგიკურ არგუმენტაციას".. თურმე, ნუ იტყვით, ხიდაშელის "ლოგიკით", ქართველები უნდა გამოვიდეთ ილუზიიდნ და რომ რუსეთთან "ლაპარაკს აზრი არა აქვს" (იმეორებენ სააკაშვილის რიტორიკას!), ამიტომ, მოსკოვისკენ კი არ უნდა ვიყუროთ, არამედ, რუსების "ჩაურევლად", აგერ, "არჩეულ" აფხაზ "ლეგიტიმურ" ლიდერებთან კონტაქტში გადავწყვიტოთ საქართველოს გამთლიანების პრობლემა!.. კიდევ ერთხელ, უკაცრავად და კითხვები მაქვს, ეს ლიდერები, ან აფხაზეთში მომქმედი პოლიტჯგუფები ვინ არიან და ვისგან იმართებიან?! მარიონეტები არასდროს მიწოდებიაო, რომ აცხადებს თ.ხიდაშელი, ამით რა, "შეკერვა" ნებავს მათი?! რა "მიამიტი" ყოფილა, ქ–ნი თინათინი... აფხაზები რა, "თავისუფლად" ღებულობენ გადაწყვეტილებებს და არანაირი ზეწოლა არა აქვთ რუსეთიდან?! რაულ ხაჯიმბა და ის სამი კანდიდატი, რომლებიც "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილეობდნენ, შემთხვევით "გენერლები" ხომ არ არიან?! ქ–ნ ხიდაშელს, იმედია რომ აბრევიატურა "კგბ" გაუგია, ან "ყური მაინც მოუკრავს", ცნობისთვის, სწორედ ამ ორგანიზაციის გენერალის წოდება აქვს მინიჭებული რ.ხაჯიმბას, რუსეთის პრეზიდენტის მიერ!.. მოკლედ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რესპუბლიკელებს "რკინის ლოგიკის" საფუძველზე რუსეთის "გვერდის ავლით" და ამავდროულად, რუსეთის სპეცსამსახურების აფხაზური და ოსური ფილიალების დახმარებით განზრახული აქვთ, რომ აფხაზებსა და ოსებს "უარი ათქმევინონ დამოუკიდებლობაზე"!.. ხოლო, ამის შემდეგ, აფხაზები და ოსები "ევროპული ინტეგრაციით მოხიბლულები" სურვილს გამოთქვავენ საქართველოს იურისდიქციაში დასაბრუნებლად, რასაც "მოსკოვი იძულებული იქნება, რომ შეურიგდეს" (რუსებს, "ცხვირს მოვხოცავთ"!)!! როგორი სცენარია? არა, ზღაპარი არ არის, უბრალოდ "რესპუბლიკელთა ლოგიკაზე აწყობილი" საქართველოს მომავალია!.. ვაი საქართველოს, თუ კიდევ ასეთ "სტრატეგ–ლოგიკოსთა" ხელში იქნება ეს საქმე", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

პოლიტოლოგი პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს,  გაათავისუფლოს ზაქარეიშვილი დაკავებული თანამდებობიდან და პირადად ჩაუდგეს სათავეში კომისიას, ხოლო  შემდეგ შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები თვითონვე მიიღოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46