ვაგვიანებთ! ვიმოქმედოთ, ხომ გვინდა საქართველოს გამთლიანება?!. - ჯუმბერ კირვალიძე

ორშაბათი, 07 აპრილი, 2014 - 15:24

პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლების ხისტ სტრატეგიაზე საუბრობს და რცევით მიმართავს, საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს გამჭვირვალე სტრატეგიული ხედვა, ასევე, სასწრაფოდ შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული.

 ყველაფერი მიედინება, ყველაფერი იცვლება“, - და ეს, ეხება პოლიტიკასაც. დიახ, დრო და დრო, მსოფლიო გეოპოლიტიკური სურათი „ფერს იცვლის“, რაც განაპირობებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე! ნიშანდობლივია, რომ მეორე მსოფლიო ომის მიწურულს 1945 წლის თებერვალში, სამი მოკავშირის მონაწილეობით (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი) ყირიმში გამართულმა იალტის კონფერენციამ განსაზღვრა მსოფლიო პოლიტიკური „თამაშის წესები“ უახლოესი ათწლეულების მანძილზე, რომელიც საფუძველად დაედო ომის შემდგომი მსოფლიოს პოლიტიკურ-სამართლებრივ წესრიგს, რომლის მიზანი იყო მსოფლიოს მშვიდობიანი თანარსებობის უზრუნველყოფა. ამ მოვლენიდან, თითქმის 70 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ, სწორედ „ყირიმში დაწყებული პროცესები“ და მისი ანექსია, სავარაუდოდ გამოიწვევს ახალ გეოპოლიტიკურ ძვრებს არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ დანარჩენ მსოფლიოშიც, მიზეზი კი მრავალია, ერთ-ერთი ის, რომ საერთაშორისო სამართლის მთელ რიგ პრინციპებს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ დიდი გეოპოლიტიკური "მოთამაშეები“ (ორმაგი სტანდარტები!)... მიუხედავად იმისა, რომ „ცივი ომის“ პერიოდში მსოფლიო ერთი-ორჯერ აღმოჩნდა გლობალური, ბირთვული ომის ზღვარზე, - იალტის კონფერენციის მონაწილეები და გაერო-ს წევრი სხვა მსხვილი სახელმწიფოებიც ახერხებდნენ თავიდან აეცილებინათ იგი. კომუნისტური იდეოლოგიისაგან ვარშავის ბლოკის სახელმწიფოების გათავისუფლების და ზებირთვული სახელმწიფოს - სსრკ-ს დაშლის შემდეგაც კი, როდესაც გარკვეული საშიშროება შეიქმნა სუბრეგიონალური დესტაბილიზაციის, მაინც შესაძლებელი გახდა შენარჩუნებულიყო მსოფლიოს სამშვიდობო პროცესი და ამ გარემოებას შეუწყო ხელი, რუსეთის ფედერაციის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ ცნობამ, რასაც მსოფლიოში ბირთვული ბალანსის შენარჩუნების და უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა!..

სსრკ-ს და იუგოსლავიის დაშლამ კი, ახალი სახელმწიფოები და ახალი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები შემატა გაერო-ს. თითქმის პარალელურად, ყოფილი სსრკ-ს და იუგოსლავიის ზოგიერთ რესპუბლიკაში სეპარატიზმის გაღვივების და მხარდაჭერის შედეგად, გაჩნდნენ „თვითაღიარებული“ წარმონაქმნები, რომლებსაც გაერო-ს წევრი ახლად შექმნილი სახელმწიფოები ვერ აკონტროლებდნენ. გარკვეულ დრომდე, ამ სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ არავის მოუხდენია და ეს გაგრძელდა 2008 წლამდე, როცა თებერვლის თვეში, ჯერ კოსოვოს ავტონომიის (სერბეთის ნაწილი) „დამოუკიდებლობა აღიარა“ აშშ-მ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და მოგვიანებით, იმავე წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ - საქართველოს 2 რეგიონის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“! ამ "აღიარებებს“ შორის ის „მსგავსება“ იყო, რომ დასავლეთიც და რუსეთიც აპელირებდნენ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე, თუმცაღა „არ უწონებდნენ ერთმანეთს საქციელს“! ხოლო, განსხვავება კი ის არის, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ არასამართლებრივად, პოლიტიკურად გაუმართლებლად ცნო აშშ-მ და ევროკავშირმა („სამაგიეროდ“ - რუსეთი არ ცნობს კოსოვოს „დამოუკიდებლობას“) და „არაღიარების“ პოლიტიკა დაუპირისპირა რუსეთის და მისი „ამფსონების“ - ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს მიერ, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ პოლიტიკას! მოკლედ, შეიქმნა პრეცენდენტი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის და საერთაშორისო სამართლის აღიარებული ნორმების თავზე - „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია! დღემდე, კოსოვო-სერბეთის მიმართ დასავლეთის შუამავლობით ხორციელდება ცალკე შემუშავებული პოლიტიკური პროცესი, ხოლო საქართველოს (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“) მიმართულებით მუშაობს „ჟენევის ფორმატი“ (რუსეთის, აშშ-ს, ევროკავშირის მონაწილეობით)!..

შარშან, უკრაინაში დაწყებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა წარმოშვა სეპარატისტული განწყობების გამწვავება ყირიმის ავტონომიაში, რაც წელს, მარტში ყირიმის რეფერენდუმით და რუსეთთან „მიერთებით (ანექსია) განვითარდა“! ამ ფაქტმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების დღემდე არსებული სტრატეგია (რუსეთთან რიტორიკის შერბილება, ურთიერთობების „დალაგების სურვილი“ და ა.შ.) ქვეყნისს გამთლიანებისათვის არ არის საკმარისი! ცხადი გახდა, რომ დასავლეთის მიერ შემოთავაზებული „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკა სასურველ შედეგს არ მოგვიტანს, მით უმეტეს, არც ის რიტორიკა გამოგვადგება, რომ საქართველომ - „საბოლოოდ და შეუქცევადად გააკეთა ესა თუ ის არჩევანი“ და იგი „გადახედვას არ ექვემდებარება“?! უკაცრავად და, ვის „ვემუქრებით“ და „ვისი, ან რისი იმედით“?! ასეთი ხისტი სტრატეგიით დეოკუპაციის და ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად, ანექსია "არ მივიღოთ“, - ამაზე, „თუ გიფიქრიათ“?! დიახ, რეალობა ასეთია, რომ წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ წარმოებულმა და დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებულმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიამ და ტაქტიკამ, სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა და როგორც ჩანს, ვერც მომავალში მოგვიტანს! დიდი მტკიცებულებების მოყვანა ამას არ ჭირდება, აგერა გვაქვს სახეზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ცხელ-ცხელი მაგალითი, რომელსაც დასავლეთი „წინ არ და ვერ აღუდგა“ (დასავლეთი, „შემოიფარგლა“ სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ!)!.. ანუ, მთელი ეს წლები დასავლეთის და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებების მიერ, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება საჭირო დონეზე არ ხდებოდა, რათა საქართველოს გამთლიანების საკითხს, თუნდაც „მივახლოვებოდით“! იმის მოლოდინი, რომ „დასავლეთის ზეწოლის შედეგად რუსეთი უკან დაიხევდა“, - არ გამართლდა და ეს ცხადად გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე, სადაც დასავლეთის მხრიდან „მაიდანის მხარდაჭერას“ და რუსეთის პოლიტიკური ინტერესების იგნორირებას, - ყირიმი „შეეწირა“! იგივე შეცდომები იქნა დაშვებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართებით, როცა სააკაშვილის რეჟიმის მიერ წარმოებულ აგრესიულ რიტორიკას რუსეთის მიმართ, საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა აშშ- ს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რაც რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციით და ქვეყნის 2 რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარებით“ დასრულდა! ამის საპასუხოდ კი, სააკაშვილის რეჟიმის ლობისტმა დასავლურმა პოლიტიკურმა წრეებმა, „აღშფოთება-შეშფოთება გამოხატეს“! მსგავსი „ისტორია“ მეორდება უკრაინაშიც, - უკრაინის მიერ ყირიმის დაკარგვა და ჯერ კიდევ მოსალოდნელი შემდგომი გართულებები!.. ამ მიმართულებით, საქართველო დასავლეთის მონიტორინგის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა და იგივე გრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. და რა? არათუ, „საქართველოს გამთლიანების“ საკითხი არ დაიძრა მკვდარი წერტილიდან, არამედ „დამატებით“, დასავლეთს, დიახ-დიახ, - უპირველესად დასავლეთს და არა უკრაინას, - რუსეთმა „ცხვირწინ ააწაპნა“ ყირიმის ნეხევარკუნძული!.. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება, დღეს არსებული და წარმოებული პოლიტიკით. ამიტომ აუცილებელია, რომ ქართულმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ „ყირიმის ისტორიიდან“ შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ!.. არავინ უარყოფს დასავლეთის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს გამთლიანების საქმეში, მაგრამ, აწი მაინც გავითვალისწინოთ ის, რომ „დასავლეთის მხრიდან ზეწოლის იმედად“, - რუსეთს ოკუპაციაზე და ჩვენი რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარებაზე“, - ხელს ვერ ავაღებინებთ!! „ზეწოლა“ რუსეთთან არ გავიდა და არც გავა, მასთან - მხოლოდ მოლაპარაკებაა შესაძლებელი და ეს დაადასტურა ყირიმის ანექსიამ, რაც კიევის „მაიდანის რევოლუციას“ მოჰყვა!.. და ერთიც, წელს ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა“ და მაპ-ის მიღებაც კი (რომც მოგვცენ!), ვერ შეცვლის და ვერ შეაჩერებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისადმი!.. მეტსაც გეტყვით, სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთმა ამის საპასუხოდ იგივე მოიმოქმედოს, რაც ყირიმის შემთხვევაში, ანუ - „მიიერთოს“ (ანექსია) აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩატარებული „რეფერენდუმების საფუძველზე“!..

და ბოლოს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფაქტმა ცხადად დაგვანახა, რომ საქართველო-დასავლეთის ერთობლივი მრავაწლიანი სტრატეგია, რომელსაც მოკლე ან გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად უნდა გადაეწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა, მნიშვნელოვნად უნდა გადაიხედოს!.. და გავითვალისწინოთ, რომ დასავლური ღირებულებების და ფასეულობების აღიარებების დეკლარირებით საქართველოს ვერ გავამთლიანებთ, ვერც დემოკრატიული პრინციპების ერთგულება დაგვეხმარება რუსეთთან ამ საკითხის გადაწყვეტის საქმეში! უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის და პრაგმატული ორმხრივი კომპრომისების გარეშე ფართო კონსენსუსის საფუძველზე, - საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში!.. საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა შესთავაზოს გამჭვირვალე სტრატეგიული ხედვა, სადაც აშშ-ევროკავშირის და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები საქართველოში პარიტეტული იქნება, ისინი კი, თავის მხრივ პოზიტიურ როლს ითამაშებენ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების საბოლოო მოგვარებაში!!.. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შექმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც ახალი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე იქნება ორიენტირებული!.. მინდა ვუთხრა ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელ პირებს, რომ ნუ შეეშინდებათ „ნაცმოძის“ გაკოტრებული პოლიტიკური ძალის მხრიდან მათი მისამართით გამოთქმული კლიშეების და ბრალდებების, როდესაც ახალ, ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავებაზე დაიწყებენ ფიქრს და მოქმედებას! ცნობილია, რომ „ნაცოპონენტები“ ყველას „რუსეთუმეებს“ უწოდებენ, ვინც მათ მოსაზრებებს არ იზიარებს და ამხელს სააკაშვილის რეჟიმის უგუნურ, წინდაუხედავ პოლიტიკას, რომელმაც ქვეყნის გამთლიანების ნაცვლად, უფრო დაანაწევრა იგი და თითქმის უიმედო გახადა მისი გამთლიანების შანსი! „ნაცმოძის“ პოლიტიკურად გაკოტრებული ლიდერები, სააკაშვილის მეთაურობით, ლამის აშშ-ს პრეზიდენტს ობამას დებენ ბრალს „პუტინთან მეგობრობაში“ იმის გამო, რომ ამასწინათ, პრეზიდენტმა ობამამ თავშეკავებული განცხადება გააკეთა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით! სააკაშვილზე და „ნაცმოძზე“ გადაბრალება იმისა, რომ მათი ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად საქართველო თითქმის გამოუვალ ჩიხში აღმოჩნდა,-შეიძლება, მაგრამ ამით საქმეს ვერ ვუშველით, ქვეყანას კი შველა ჭირდება, - „გაღმა დარჩენილი“ მშობლიური მიწა-წყალი საშველად გვიხმობს!.. ვაგვიანებთ! ვიმოქმედოთ, ხომ გვინდა საქართველოს გამთლიანება?! ამიტომ, „მიაფურთხეთ ეშმაკს“ და შეუდექით ახალი, ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავებას, ისეთი სტრატეგიის, - რომელიც დღეს, ქვეყნის ოკუპირებულ 20% -ს ანექსიისგან დაიცავს და ახლო მომავალში დეოკუპაციასაც შესაძლებელს გახდის, მას მერე, რაც რუსეთი დეზავუირებას (გაუქმება) გაუკეთებს, მის მიერ საქართველოს 2 რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარებას“!!.. ამის მოხერხება და შეძლება, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ისტორიული ვალია!.. შეუძლებელი და მოუხერხებელი კი არაფერია, სამშობლოს მოყვარული, ერთგული, გონიერი და გამჭრიახე პოლიტიკოსებისათვის, - აცხადებს პოლიტოლოგი.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43