ჰამლეტ გეგია: მართლმადიდებელი ქართველების დაუწერელი კანონები და ადათები თავისი მნიშვნელობით, მოქმედ კანონებზე ძლიერია

, 10 ივლისი, 2011 - 17:41

5 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, სამღვდელოება მრევლთან ერთად აპროტესტებს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, "ჯეონიუსმა" რამდენიმე კითხვით მიმართა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარეს ჰამლეტ გეგიას.

– სამღვდელოება და მათი მრევლი აპროტესტებს მიღებულ კანონს, რომელიც რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. როგორ შეაფასებთ მომხდარს?

– სულიერებისა და რწმენის საკითხები თავისი მნიშვნელობით სიცოცხლის ფასეულობასაც კი აღემატება. აქედან გამომდინარე, როდესაც საქმე ეხება რწმენას და რწმენის თავისებურებებს – უდიდესი სიფრთხილე მართებს როგორც მთავრობას, ასევე ნებისმიერი დემოკრატიული კულტურის მქონე ადამიანს. ამჟამად, საქართველოში შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც სასულიერო პირების, მართლმადიდებელი მრევლის, საზოგადოებისა და განსაკუთრებით მთავრობის კორექტულ მოქმედებას მოითხოვს. ჩემი აზრით, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, შექმნილი მდგომარეობა საზოგადოებისათვის "ბურჯანაძის სინდრომზე" უფრო მეტი საფრთხის შემცველია.

– რა ფაქტორმა განაპირობა ამ კანონის მიღება?

– თუ ჩვენ გავითვალისწინებთ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს და ჩვენი ერის სწრაფვას ევრო–ატლანტიკური კულტურისაკენ, როგორც ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს უსაფრთხოებისა და მომავალი მდგრადი ეკონომიკის განვითარებისათვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მისი შესრულების აუცილებლობა ევროპულ ოჯახში გაწევრიანების თვალსაზრისით. პარლამაენტის დაჩქარებული გადაწყვეტილება საზოგადოებასთან, საპატრიარქოსთან, მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ასევე საქართველოში ისტორიულად მიღებულ და არსებულ რელიგიებთან შეუთანხმებლად არ მიმაჩნია გონივრილად; თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი კანონის მიღება მიბმული იყოს რომელიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან. გვაქვს პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ცალსახად ურთულესია – კანონი მიიღო პარლამენტმა და ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა. ამავე დროს, აშშ–ის ელჩი საქართველოში  მიესალმება მიღებულ კანონს. ჯონ ბასის განცხადებით – "რელიგიური თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა". ძალზედ ძნელია დემოკრატიული ფასეულობების მქონე ადამიანი, რომ არ დაეთანხმოს, მითუმეტეს, როდესაც არსებობს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია რწმენის თავისუფლება.

– სიტუაციიდან გამომდინარე, რისი გათვალისწინებაა ყველაზე აუცილებელი?

– შეუძლებელია არ გაითვალისწინო მართლმადიდებელი ქართველების სულიერი მდგომარეობა. ამ სიტუაციას ართულებს ერთმორწმუნე რუსი ჯვაროსანი გენერალიტეტი და 60 კმ–ში თბილისისკენ მომართული ტანკები, რომლებიც მზად არიან ჩვენი ისტორიული სარწმუნოების "დასაცავად" და ქვეყნის დასანგრევად.

– გამოიხატა პროტესტი კანონთან დაკავშირებით, რა შეიცვალა, ან შეიცვლება მიღებულ კანონიდან მიღებულ პროტესტამდე?

– სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა დაგვანახა, რომ მას არანაირი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძველი არ აქვს და თუ ვინმე შეეცდება მართლმადიდებელი ქრისტიანების გულისწყრომას პოლიტიზირება გაუკეთოს, ან რომელიმე მტრულმა ძალებმა არასასურველი მიმართულება მისცეს; დარწმუნებული ვარ, უპირველეს ყოვლისა მათთვის, საზოგადოებისა და მთავრობის კატასტროფით დამთავრდება და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ისტორიის წინაშე. ეჭვი მეპარება, რომ სასულიერო პირები და მათი მრევლი, ვინც კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიიღო კმაყოფილი დარჩება, თუ  საქართველოს მართლმადიდებელი მოქალაქეები აღშფოთებულები იქნებიან. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ისტორიულად ჩამოყალიბებული მოქმედი რელიგიების მიმართ შემწყნარებლობა, ტოლერანტონა და პატივისცემა. ქართველებისათვის, კაცთმოყვარე მართლმადიდებლებისათვის დაუწერელი კანონი, ადათი თავისი ქმედითუნარიანობით მოქმედ კანონებზე ძლიერია.

– სად შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი? რა უნდა გაკეთდეს?

– ვფიქრობ, რომ შექმნილი სიტუაციის დასაძლევად გათვალისწინებული უნდა იყოს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, საქართველოში მოქმედი ეკლესიების ინტერესები და ცივილური ქვეყნების გამოცდილება. საზოგადოებაში დაგროვილი უთანხმოება მიღებულ კანონთან მიმართებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. იმედია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს  საქართველოში ისტორიულად მოქმედი რელიგიებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთინტერესებისა და პატივისცემის დაბალანსებას, ასევე ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.4
  • 2.57
  • 3.08
  • 0.04
  • 0.66
  • 1.43