სააკაშვილის „რეჟიმის“ დროსაც და ახლაც, პროკურატურას შეგნებულად გაჰყავს პირი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების არეალიდან

ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2013 - 14:51

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაცვის მხარე არანაირად არ მონაწილეობს წინასწარი გამოძიების პროცესში და საქმის მასალებს მხოლოდ მას შემდეგ ეცნობა, როცა გამოძიებას ყველაფერი „მოგვარებული“ აქვს და საქმეს მხოლოდ საპროცესო გაფორმება სჭირდება, - განუცხადა „ჯეონიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ადვოკატმა გიორგი მარიამიძემ.

ადვოკატის განმარტებით, დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირი ბრალდებულად ითვლება დაკავების ან, თუ დაკავება არ მოხდა, ბრალის წაყენების მომენტიდან და საპროცესო კოდექსით გარანტირებული ბრალდებულის უფლებებით სარგებლობის უფლებაც, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლებაც, სწორედ აღნიშნული მომენტიდან ეძლევა მას.

„სააკაშვილის „რეჟიმის“ დროსაც და ახალი ხელისუფლების პირობებშიც, პროკურატურას შეგნებულად გაყავს პირი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების არეალიდან იმ მარტივი მოქმედებით, რომ პირს არც აკავებს და არც ბრალს უყენებს. უბრალოდ, მოწმის სახით იბარებს და ჰკითხავს. ანუ, რეალურად გამოძიება დაწყებულია „რაღაც ფაქტზე“, პირს არაერთხელ კითხავენ (ვითომ) მოწმის სახით, მას არ ჰყავს ადვოკატი და ვერ სარგებლობს ბრალდებულის უფლებებით. გამოძიება ფაქტიურად ამ პერიოდში ატარებს თითქმის ყველა საგამოძიებო მოქმედებას და რადგანაც პირს მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს, არანაირად არ არის ჩართული საგამოძიებო მოქმედებებში და არც არანაირი საგამოძიებო მასალის მიღება შეუძლია“, - აცხადებს ადვოკატი.

გიორგი მარიამიძე თვლის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ამ კარგად აპრობირებულ მეთოდს ახალი ხელისუფლებაც წარმატებით იყენებს მას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნით.

ადვოკატი გამოსავალს სისხლის სამართლის პოლიტიკის შეცვალაში ხედავს და პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს:

„თუ მართლა მხარეთა შეჯიბრობითობის მიღწევა გვსურს, საჭიროა:

1. პროკურორს მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებაზე ზედამხედველობის უფლება ჩამოვართვათ და მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების განხორციელების ფუნქცია დავუტოვოთ.

2. შეიქმნას დამოუკიდბელი საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც არცერთი სამართალდამცავი თუ ძალოვანი სტრუქტურის ქვემდებარე არ იქნება და მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების წიაღში იფუნქციონირებს.

3. უარი ვთქვათ დღეს არსებულ სუბიექტურ „კვაზი გამოძიებაზე“ და დავაბრუნოთ „ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება“, რომლის მასალებიც, სასამართლოში გადაგზავნასთან ერთად, პროკურორსა და დამცველსაც გადაეცემათ და შედეგად, სასამართლოზე მათი პოზიციების გატანა მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა „პირად ოსტატობაზე“ იქნება დამოკიდებული.

4. დაბრუნდეს „ინკვიზიციური სასამართლო“, რადგანაც თუ რომელიმე მხარეს სუსტი მოთამაშე აღმოჩნდება (და ასეთი უმთავრესად ადვოკატია), ამით ბრალდებული და, ზოგადად, მართლმსაჯულება არ დაზარალდეს“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.19
  • 0.04
  • 0.7
  • 1.46