შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონების უსაფრთხოების საკითხზე სიმპოზიუმი გაიხსნა

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 17:32

ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების უსაფრთხოების სიმპოზიუმი გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ აშშ-ის ევროპული სარდლობის დაზვერვის წარმომადგენლები, შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების - საქართველოს, ბულგარეთის, რუმინეთის, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირები, სამხედრო ატაშეები და ექსპერტები. კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გახსნა.

სიმპოზიუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა რეგიონალური უსაფრთხოება, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოება და მის წინააღმდეგ არსებული საფრთხეები, ასევე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი კრიზისის შესაძლო გადმოდინება კავკასიის რეგიონზე.

სიმპოზიუმი აშშ-ს სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (DIA) პროექტს წარმოადგენს, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და მიზნად ისახავს შავი და კასპიის ზღვების რეგიონების ქვეყნების სამხედრო დაზვერვის სამსახურების დაახლოებას და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ კონსოლიდირებას. სიმპოზიუმი 2006 წელს დაარსდა, რომელიც პირველად ქ. ვაშინგტონში ჩატარდა. სემინარის ორგანიზებაში DIA-ს დაზვერვის ეროვნული უნივერსიტეტი და აშშ-ს ევროპული სარდლობის J-2 დაზვერვის სამსახურია ჩართული.

DIA-ს ანალოგიური ფორმატის პროექტები აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სამხედრო დაზვერვის სამსახურებთან გააჩნია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55